24 თებერვლის ბრძოლა იყო ტანკებისა და ქვეითების პირველი შეტაკება ამიერკავკასიაში.
1921-შიც ასეთი ცივი თებერვალი იდგა.
რუსული არმია თბილისზე მეორე შტურმისთვის ემზადებოდა. ქალაქის თავდაცვის პოზიციები 40 კილომეტრამდე იყო გადაჭიმული. ამ პოზიციებიდან ერთ-ერთი სწორედ აქ – მდინარე ლოჭინის ხეობაში იყო.
„აი ამ აღმართზე ამოვიდა ეს სამი ტანკი – ერთი მოწინავე და ორი უკან მოჰყვებოდა, სადღაც აქ არის ქართველების პოზიციები, სანგრებში სხედან, ნისლია და ნისლიდან გამოვიდა ურჩხული”, – ასე აღწერს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე თბილისის შემოსასვლელთან 104 წლის წინ მომხდარ ამ ბრძოლას. „თებერვლის ტანკები” – ასე ჰქვია მის ახალ წიგნს, რომელიც თბილისის მისადგომებთან, თებერვლის ერთი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. თემის შესწავლისას სპეციალისტმა მდინარე ლოჭინის ხეობაში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც 1921 წლის 24 თებერვალს წითელმა არმიამ ქართულ გვარდიას ტანკები დაუპირისპირა. ისტორიკოსი ცდილობს, აღწეროს, როგორი განცდა შეიძლება ჰქონოდათ სანგარში მყოფ ქართველ გვარდიელებს წითელი ტანკების მოახლოების წუთებში.
„ნისლია, მაგრამ რაღაც უცნაური გრუხუნის ხმა გესმის და ვერ ხვდები, რა არის… შესაძლოა, აქ მყოფ გვარდიელებს ეფიქრათ, რკინიგზის ხაზია აქ ახლოს და რადგან რუსებიც და ქართველებიც იყენებდნენ ჯავშანმატარებლებს, შეიძლება მისი ხმა ყოფილიყო, მაგრამ ახლოვდებოდა ეს ხმა და მიხვდნენ ალბათ, რომ რკინიგზას აქ ვერავინ გადმოიტანდა. ალბათ, ნერვიული, დაძაბული მოლოდნი იყო, ნისლიდან რა გამოყოფდა თავს”, – ამბობს სილაქაძე.
ნისლიდან მოულოდნელად სამი ტანკი გამოჩნდა. შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულ მეომრებს ტანკებთან დაპირისპირება თავდაპირველად ძალიან გაუჭირდათ.
„აქ, სადაც ჩვენ ვართ, იდგა სამეგრელოს გვარდიის ბატალიონი, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე იყო ქართველების პოზიცია. რუსები უტევდნენ დღევანდელი რუსთავის მიმართულებიდან და ზუსტად აქ გადაწყვიტეს რომ გამოეყენებინათ ტანკები. ამ ნისლით ისარგებლეს და ტანკები მოვიდნენ აქამდე, მათ ქვეითებიც მოჰყვებოდნენ და მოულოდნელად ამოვიდნენ აქ განლაგებული ქართველების პოზიციებთან. რადგან მოულოდნელობის ეფექტის გამო შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით რთული იყო ტანკების მოგერიება, ამიტომ ეს პოზიცია აიღეს რუსებმა დღის მეორე ნახევარში. დიდი შანსი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ სვლა და გასულიყვნენ ქართველთა პოზიციების ზურგშიც, მაგრამ ხელი შეუშალეს ისევ ქართველებმა”, – ჰყვება ისტორიკოსი.
წყაროების მიხედვით, დღევანდელ აეროპორტთან ახლოს იდგა ახალციხის გვარდიის ბატალიონი, რომელმაც რუსულ არმიას ფლანგიდან ცეცხლი გაუხსნა და მათი სვლა შეაფერხა. ორხევში დაბანაკებული იმერეთის გვარდიის მეორე ბატალიონი კი, კონტრშეტევაზე წამოვიდა. კონტრშეტევა წარმატებული გამოდგა, ქართულმა გვარდიამ პოზიციები დაიბრუნა, ტანკებმა უკან დაიხიეს.
„ამ ტანკებიდან ერთ-ერთი დაზიანდა – გადავარდა 50-მეტრიანი ფერდობიდან. ეს იყო ტანკებისა და ქვეითების პირველი შეტაკება ამიერკავკასიაში. მართალია, ეს პოზიციები კი დაიბრუნეს ქართველებმა და თბილისის თავდაცვის სამივე სექტორი შეინარჩუნეს, მაგრამ ამის მიღმა დაუცველ პოზიციებზე რუსული კავალერია ფაქტობრივად ალყაში აქცევდა ქალაქს, რის გამოც მთავარსარდალმა კვინიტაძემ გადაწყვიტა, რომ უკან დაეხიათ და მცხეთასთან გაეგრძელებინათ ბრძოლა”, – ამბობს სილაქაძე.
ტანკებისა და ქვეითების პირველი შეტაკების ადგილს ამიერკავკასიაში ისტორიკოსმა რამდენიმე წყაროსა და რელიეფის დეტალურად შესწავლის შედეგად მიაკვლია.
„წყაროებში კოორდინატები, ცხადია, არ არის მოცემული, თუ სად მოხდა ეს კონკრეტული შეტაკება. ვიცით, რომ მდინარე ლოჭინის ხეობაში მოხდა და რუსულ ტანკებს სიმაღლეზე ასვლა მოუწიათ, შესაბამისად, დანარჩენი სიტყვა უნდა ეთქვა რელიეფს. როდესაც ადგილის შესწავლა დავიწყე, ორი ადგილი იყო სულ, სადაც შესაძლებელი იყო რუსული ტანკების ამოსვლა, რუსული რა, ინგლისური წარმოების ტანკები იყო ეს, რომლებიც ინგლისელებმა თეთრებს მისცეს სამოქალაქო ომის დროს და მერე წითლებმა თეთრებს წაართვეს. გასათვალისწინებელი იყო ამ ტანკების შესაძლებლობები, რა დახრის ფერდობზე შეეძლოთ ასვლა. როდესაც მოვედი ამ ადგილზე, გასაგები გახდა, რომ სავარაუდო არეალი იყო 4-კილომეტრიანი, იმიტომ რომ დანარჩენი ფერდობები ისეთი დამრეცია, დღევანდელი ტანკებიც ვერ ავლენ. გამორიცხვის მეთოდით განვსაზღვრე – ვიცით, რომ როდესაც რუსები ამოვიდნენ ამ პოზიციაზე, მათ ფლანგიდან, დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიიდან ახალციხის გვარდიელებმა გაუხსნეს ცეცხლი. გამორიცხვის მეთოდით განვსაზღვრე ახალციხის ბატალიონი თავისი შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით რომელ ადგილს მისწვდებოდა. მეორე ადგილი იმ პოზიციიდან არ გამოჩნდებოდა (საცეცხლე ზონის მიღმა იყო), შესაბამისად, დარჩა ეს ადგილი, რომელიც მხედველობის არეალშიც მოხვდებოდა ახალციხის გვარდიის ბატალიონისთვის და მათი ტყვიამფრქვევები და შაშხანები მიწვდებოდა აქ რუსულ ნაწილებს”, – განმარტავს სპეციალისტი.
მკვლევარი გვიყვება იმ წყაროებზე, რომელთა შესწავლის შედეგადაც შეტაკების დეტალურად აღდგენა გახდა შესაძლებელი.
„ამ ბრძოლის შესახებ აქამდე გვქონდა ორი მთავარი წყარო – ერთი რუსეთის მე-11 არმიის ჯავშანნაწილების მეთაურის ავტორობით, რომელმაც ამ ომიდან 15 წლის შემდეგ ძალიან ცალმხრივად აღწერა, რომ ძალიან მარტივად აიღეს პოზიციები და შევიდნენ თბილისში, ხოლო მეორე ეკუთვნის იმერეთის გვარდიის მეორე ბატალიონის მეთაურს, აკაკი კვიტაიშვილს, რომელიც საპირისპიროდ აღწერს. ორივე წყარო გარკვეულწილად სუბიექტურია. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ სხვა წყაროების დახმარებითაც გამომეკვლია ეს ამბავი”, – ამბობს სილაქაძე
თებერვლის ამ ერთი ბრძოლის მიმდინარეობა ისტორიკოსისთვის კვლევის ერთადერთი საგანი როდია. „თებერვლის ტანკები“ იმ პერიოდისთვის უახლესი საბრძოლო საშუალების – ტანკების დანიშნულებასა და მათი გამოყენების ტაქტიკაზეც მოგვითხრობს. ტანკები პირველად 1916 წელს, პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს, ამიტომ მათ შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ მწირი იყო, თუმცა, 20-იანი წლების სამხედრო ჟურნალებში ამ საშუალების შესახებ სტატიები უკვე იძებნება.
ტანკი საბორტე ნომრით 9146 უკავშირდება 24 თებერვლის იმ ერთ მოგებულ ბრძოლას, რომელიც ლოჭინის ხეობაში მოხდა. ამავე დროს ეს ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ნაწილია. ამავე ღამეს თბილისის დატოვებისა და უკან დახევის ბრძანება გაიცა. 25 თებერვალს კი დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ.