უკრაინის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელ კით კელოგს შეხვდა, სადაც მხარეებმა ომის დასრულების საკითხებზე იმსჯელეს.
თუმცა, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე, მოლაპარაკებების შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია მოულოდნელად გაუქმდა.
თავდაპირველად, მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს პრესასთან ოფიციალური განცხადებები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა შეხვედრის დაწყებიდან მალევე პრესას შეატყობინეს, რომ პრესკონფერენცია აღარ გაიმართებოდა.
პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზებზე მხარეებს არ უსაუბრიათ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სერხი ნიკიფოროვის განცხადებით, მისი გაუქმება ამერიკულმა მხარემ მოითხოვა. ამერიკულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
დონალდ ტრამპის თავდაცვის საკითხებში ერთ-ერთი მთავარი მრჩევლის, კელოგის კიევში ვიზიტს წინ უძღოდა ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება, რამაც ეჭვქვეშ დააყენა შეერთებული შტატების მზაობა დახმარება გაუწიოს უკრაინას მიმდინარე ომში.
შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კელოგთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა, რადგან ის გეგმავდა დეტალურად აეხსნა, თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში.
A day of intense international work. My meeting with General Kellogg was one that restores hope, and we need strong agreements with the U.S.—agreements that will truly work. I have instructed my team to work quickly and very sensibly.
Economy and security must always go hand in… pic.twitter.com/N5k2bu13qk
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 20, 2025
შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ კელოგთან კარგი საუბარი შედგა, სადაც ბევრი დეტალი განიხილეს. მისი თქმით, მათ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაზე ისაუბრეს.
მისი განცხადებით, მშვიდობა საიმედო და გრძელვადიანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომით დაბრუნება ვეღარასდროს შეძლოს.