„საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – აცხადებს ორგანიზაცია „სამართალი ჟურნალისტებისთვის“.
მათი ახალი კვლევის თანახმად, 2023-2024 წლებში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 373 შემთხვევა გამოვლინდა. 2023 წელს თავდასხმის 73 შემთხვევა იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა 2024 წელს და ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები 298-ს გაუტოლდა. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, თავდასხმის 72% ოფიციალურმა პირებმა განახორციელეს.
კვლევის თანახმად, ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველაზე ბევრმა შემთხვევამ თავი იჩინა 2024 წლის 26 ოქტომბერს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა; ასევე 28 ნოემბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაეყენებინა. გარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმისა, ასევე დაზიანდა მათი ტექნიკა.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ინფორმაციით, 13 შემთხვევაში პოლიცია ჟურნალისტებს ედავება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“. ქარტიის განცხადებით, ამგვარი ქმედებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში.
ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამდასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებით, პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.