მთავარიმსოფლიოგანაწყენებული ტრამპი და „საკვანძო სიტყვა - გაურკვევლობა”

განაწყენებული ტრამპი და „საკვანძო სიტყვა – გაურკვევლობა”

ქალაქი, რომელსაც 3 დღეში უპირებდნენ აღებას, 3 წელია იბრძვის. 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის აგრესიის პირველ წუთებს ისევ გაიხსენებს, კიევი კი მომხდარს მათ შეახსენებს, ვისაც მეხსიერებამ უმტყუნა.
„რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება მყარი შეთანხმება აშშ-სთან, რათა მან ნამდვილად იმუშაოს. მე გავეცი ინსტრუქცია, რომ ვიმოქმედოთ სწრაფად და გონივრულად. ეკონომიკამ და უსაფრთხოებამ მხარდამხარ უნდა იარონ. ამასთან, შეთანხმების პირობებს აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო უკეთაა ის ჩამოყალიბებული, მით უკეთესია შედეგი. ჩვენ ვისაუბრეთ საიმედო და ნათელი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ომი არ დაბრუნდება და რუსეთი აღარ გაანადგურებს არცერთი ადამიანის სიცოცხლეს. მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ესმის ჩვენი მყარი პოზიციების საჭიროება – იქნება ეს ფრონტის ხაზზე თუ დიპლომატიაში”, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიპლომატიაში გარდატეხაა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკელი დიპლომატის, კიტ კელოგის, შეხვედრისას მოულოდნელად გაუქმებული პრესკონფერენცია იმის შეხსენება იყო, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები აჩქარებულად იცვლება. დონალდ ტრამპი ბრაზობს, რომ უკრაინა მის ბუნებრივ სიმდიდრეზე აშშ-ს 50%-იან წვდომას არ აძლევს. თეთრი სახლი ამას წარსულში უზრუნველყოფილი დახმარებისა და მომავალში უზრუნველსაყოფი უსაფრთხოების გარანტიებისთვის ითხოვს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ნაწყენია ზელენსკიზე, რაღაც ნაწილში მეც. რადგან მასთან საუბარი ვიცე-პრეზიდენტის თანდასწრებით მქონდა, განვიხილეთ მინერალებზე უფლებების საკითხი და ავუხსენით მას, რომ: ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში – არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების თანხას, ამავდროულად კი, ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მეორე დღეს ვკითხულობ, რომ მან უარყო შეთავაზება. იმ შეხვედრაზე კი ეს არ მომხდარა. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ამ ვითარებას აქვს გავლენა ჩვენს პარტნიორებზეც. პრეზიდენტ ტრამპზე იმის თქმა, რომ დეზინფორმაციაში ცხოვრობს, კონტრპროდუქტიულია. ტრამპს სურს ომის დასრულება და იმედი აქვს, რომ ზელენსკი იქნება ამაში მისი პარტნიორი”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
გადასახადების გადამხდელებისთვის თანხების დაბრუნება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ამიტომ, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი უკრაინის იშვიათ მინერალებზე, ზოგიერთი ცნობით კი პორტებზე, ინფრასტრუქტურაზე, ნავთობსა და გაზზე წვდომაზე საუბრობს, უკრაინასთან ერთად საკუთარ ამომრჩეველსაც ელაპარაკება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გარანტიების მაგიდაზე კიევისთვის კიდევ რამდენიმე გადაწყვეტა დევს: უკრაინისთვის ბირთვული შეიარაღების დაბრუნება, ასევე უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება. ეს უკვე ევროპისა და ვაშინგტონის საქმეა, პარიზი და ლონდონი ამ საკითხზე მომდევნო კვირას დონალდ ტრამპს პირადად დაელაპარაკება.
„რამდენიმე დღეში ვაშინგტონში ვიქნები. საკვანძო სიტყვაა – გაურკვევლობა. დონალდ ტრამპი ქმნის გაურკვევლობას, რადგან მას სურს გარიგებები, შეთანხმებების პოვნა. ის ქმნის გაურკვევლობას ვლადიმერ პუტინისთვისაც, ეს კი ჩვენთვის ძალიან კარგია. რუსეთის პრეზიდენტი უყურებს მას და ვერ ხვდება, რა ხდება და ესმის ისიც, რომ ყველაფრის გამკეთებელია. ასე რომ, ეს გაურკვევლობა ვფიქრობ, კარგია ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. მე შევეცდები დავარწმუნო ტრამპი, რომ ჩვენ რეალურად ერთი ინტერესი გვამოძრავებს. მე მას ვეტყვი, რომ პრეზიდენტი პუტინის წინაშე სუსტი არ უნდა გამოჩნდეს. ვკითხავ, როგორ აღუდგები წინ ჩინეთს, თუ რუსეთთან სისუსტე გამოიჩინე? თუ რუსეთს უკრაინას დაუთმობ, ამას ექნება შეუჩერებელი შედეგი ევროპელებსა და ყველაზე. ის არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ გააგრძელებს ინვესტირებას და მიითვისებს უკრაინის ჯარს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია, მისი მთელი შემადგენლობით, მათ შორის ამერიკული შეიარაღებით. ეს კი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არა კაპიტულაცია – ეს საშიშია. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ ხელშესახები ზეწოლა რუსეთზე, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მეორეს მხრივ კი, ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ომში. რაში გვჭირდება ეს? – წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საფრთხე გაიზრდება“, – აღნიშნა ვაშინგტონში გაფრენამდე ემანუელ მაკრონმა.

ტრანსატლანტიკური კავშირების სიძლიერე სტრატეგიული თვალსაზრისით  აშშ-ისთვის მეორეხარისხოვანი ვერ გახდება, ამის დასტურია ის, რომ ევროპაში ვაშინგტონი არცერთი სამხედრო ბაზის დაშლას არ გეგმავს. ამასთან, მიუხედავად თეთრი სახლის სკეპტიკური განცხადებებისა, პირადად რუბიო ადასტურებს, რომ საუდის არაბეთში არ განუხილავს მოსკოვის პრეტენზიები უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე მაქვს უდიდესი პატივისცემა უკრაინის მიმართ, იმის გამო რასაც აკეთებს და რასაც იცავს. ალბათ, ყველას გვემახსოვრება ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე და თავშესაფრის ნაცვლად შეიარაღება მოითხოვა. მინდა, ეს ომი მალე დამთავრდეს, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქვეყნის აღდგენა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირება, როგორებიცაა ევროკავშირი თუ ნატო”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
აშშ-ის მიერ წამოწყებული პროცესის წარმატებაში ჯერ თავად ვაშინგტონიც არ არის დარწმუნებული. გარკვეულ დაბნეულობას კი არსებულ ვითარებას არათანმიმდევრული განცხადებები სძენს. რუსეთ-უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დაწერა: „მებრძოლი და გაბედული ლიდერი” – ასე შეაფასა მან ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მანამდე ტრამპმა დიქტატორი უწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend