„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. სიტყვით გამოსვლისას ჯო უილსონმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ეუთოს წინაშე საკუთარი ნებით აღებულ ვალდებულებას არღვევს. ეს ვალდებულება სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას გულისხმობს. სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც.
„უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები, რომელსაც შემდგომ რეპრესიული მოქმედებების შემაშფოთებელი ტენდენცია მოყვა, რაც გაყალბებული არჩევნების შედეგია. „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო რეჟიმი თბილისში ეუთოს წინაშე თავისი ნებით არღვევს აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც მოითხოვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას. შედეგად, მას დემოკრატიული ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს. ამიტომ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება და უარი თქვან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე „ქართული ოცნების“ დიქტატორულ რეჟიმთან, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს. ფაქტია, რომ დღეს არსებული „ქართული ოცნების“ დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს”, – განაცხადა ჯო უილსონმა.
„კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი იყო საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით. ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ”, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სივ მოსლეტმა.
„ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ასეთი ბრალდებაც კი გააჟღერა. ვციტირებ: ეუთო/ოდირი იმყოფება ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ქვეშ, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული. ასეთი განცხადებების მიზანი არა მხოლოდ ეუთოს რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, არამედ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ უპატივცემულობას. ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლის გამო, რაც გარკვეულმა უცხოურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეუთო/ოდირის მისიის მიმართ განახორციელეს, რათა საბოლოო დასკვნის შინაარსზე მოეხდინათ გავლენა და ასევე ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და მოგიწოდებთ პატივი სცეთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.