„კარი ღიაა, მობრძანდით. სკამი დგას, დაბრძანდით“ – ეს სიტყვები რუსეთის უცვლელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მისამართით, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ხელისუფლების გასაგონად თქვა.
ხელისუფლების, რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან ახლა დაძაბული ურთიერთობა აქვს და ექსპერტთა მოსაზრებით, არც ახლო მომავალში ჩანს პოზიტიური ცვლილების პოლიტიკური ნიშნები.
ლავროვი „ქართული ოცნების“ ლიდერებს „3+3“ ფორმატში მონაწილეობისთვის ეპატიჟება, სადაც მისი შექმნის დღიდან საქართველოს დროშა და სკამი ქართველი მონაწილისთვის, მისივე სიტყვებით რომ ითქვას, გარანტირებულად დგას.
“ამ ფორმატის დასაწყისიდანვე საქართველო გათვალისწინებული იყო როგორც ერთ-ერთი წევრი 6 სახელმწიფოდან. ჩვენ, იმის მიუხედავად რომ გვესმის ქართული მხარის გარკვეული ნიუანსური პოზიციები, კვლავ ვტოვებთ კარს ღიად და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისთვის სკამს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, შემოუერთდება ამ ფორმატს”, – განაცხადა ლავროვმა.
საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრჭყალებში „მეგობრულ“ მოპატიჟებას პასუხობენ „ქართული ოცნებიდან“.
მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ახლო მომავალში ეს ფორმატი საქართველოსთვის საინტერესო არ არის, თუმცა შორეულ მომავალში და შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მასში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს არ ამბობენ.
“რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს, ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკი, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის. მოკლედ არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა.
ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
უსაფრთხოების, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ ამჟამინდელი პოზიციის მიუხედავად და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ახლო მომავალში შეიძლება მაინც დათანხმდეს ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას.
„დღეს, რაც ახლა „ქართული ოცნების“ თავს ხდება, რეალურად არის ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების კარი დახურული აქვს. იმ პარტნიორებში, რომელშიც მოვიაზრებთ დასავლეთის ქვეყნებს. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმატი, რომელსაც საერთაშორისო ჰქვია, მათთვის სულ უფრო და უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. ევროკავშირისთვის ავტოკრატია მიუღებელია, რუსეთისთვის მისაღები. ამიტომ „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე ნელ-ნელა დათანხმებას მე ძალიან რეალისტურად ვუყურებ. მეტსაც გეტყვით, ამაში არაფერი უცნაური არ იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე. პირდაპირ იმეორებენ მოსკოვის გზავნილებს. თავიდან ბოლომდე გარიყეს ევროპული დღის წესრიგი საგარეო პოლიტიკიდან. სიმართლე გითხრათ, მათთვის ევროკავშირიდან ჩახსნა უფრო რთული იყო, ვიდრე „3+3“ ფორმატში დათანხმება იქნება. თავს მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ რაღაც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გამოივაჭრონ. აი, მე „3+3“-ზე დავჯდები, მაგრამ ბორდერიზაცია შეაჩერე და ჩემი ტერიტორია დამიბრუნე. არა, ეს არ იქნება ამათი მოთხოვნა. ამათ უფრო პირადი ბიზნეს ინტერესები ადარდებთ და არა ქვეყნის ინტერესები. ასე რომ, ერთ-ერთ მთავარ გამოსავალს მე ვხედავ ახალ არჩევნებში“, – აცხადებს „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
უკვე მესამე წელია „3+3“ ფორმატია შექმნილი და მასში ამ ეტაპზე 5 არადემოკრატიული, ავტოკრატიული სახელმწიფო მონაწილეობს – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. მეექვსე ქვეყნად საქართველო მოიაზრება.
ქართული პოლიტიკა ახლა საერთაშორისო პროცესებს ელის. ჯერ ისევ უცნობია საქართველოს კატეგორიული პოზიცია ამ ფორმატთან დაკავშირებით. თბილისიდან პასუხები სტანდარტულად დიპლომატიურია. ალეკო გვეტაძე