20 თებერვალს, „ჰამასმა“ ისრაელს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა. მათ შორის სამი ბაბისების ოჯახის წევრია, დედა და ორი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც სამხედრო დაჯგუფების წევრებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.
უფროსი ვაჟი არიელი ოთხი წლის იყო, მისი ძმა კფირი კი 9 თვის. მეოთხე დაღუპული 85 წლის ვეტერანი ჟურნალისტი ოდედ ლიფშიცია. ტყვეობაში იყო მისი მეუღლეც, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს.
,,ჰამასის“ ინფორმაციით, ოთხივე მძევალი მათ მცველებთან ერთად, ისრაელის საჰაერო იერიშს ემხსვერპლა.
ცხედრების გადაცემის ადგილას, სამხრეთ ღაზას ქალაქ ხან იუნისის გარეუბანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ „ჰამასის“ და სხვა ფრაქციების ნიღბიანი, შეიარაღებული მებრძოლებიც.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა, მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ისრაელის სახელმწიფოს სახელით პატიება სთხოვა.
,,აგონია. ტკივილი. სიტყვები არ არსებობს. ჩვენი გული – მთელი ერის გული – დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით ქედს ვიხრი და ვითხოვ პატიებას. მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. მაპატიეთ, რომ სახლში უსაფრთხოდ ვერ დაგაბრუნეთ“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი პალტფორმა X-ზე.

მას შემდეგ, რაც 19 იანვარს 15-თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა – „ჰამასმა“ ტყვეობაში მყოფი 1,000 პალესტინელის სანაცვლოდ, 24 ისრაელელი მძევალი შინ დააბრუნა.
ხოლო ისრაელის ჯარებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას გამყოფი დერეფანი დატოვეს, რის შედეგადაც ნახევარ მილიონზე მეტი პალესტინელი ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნდა.
თუმცა, შეთანხმება მაინც მყიფეა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა შეთანხმების პირობები არაერთხელ დაარღვია. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და იძულებით გადაადგილებული პალესტინელების დაბრუნების შეფერხებით, ისევე როგორც საჰაერო დარტყმების გაგრძელებით.
როდესაც „ჰამასმა“ დარღვევების საპასუხოდ მძევლების გაცვლის გადავადება სცადა, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებაზე დაიწყეს საუბარი.
კვლავ ბუნდოვანია, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები შეთანხმების მეორე და მესამე ფაზები. ექსპერტების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის სრული იმპლემენტაცია არამხოლოდ ომში უშუალოდ ჩაბმული მხარეების მზაობაზე, არამედ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც იქნება დამოკიდებული.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი მარტის დასაწყისში დასრულდება.
შეთანხმებამ ბევრს ღაზაში საომარი მოქმედებების სამუდამო შეწყვეტის იმედი გაუჩინა, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ. მომაკვდინებელი სამხედრო დაპირისპირების განახლების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალი რჩება.