კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 2025 წლის თებერვლის დასაწყისში 57%-მდე გაიზარდა.
ეს სტატისტიკა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს.
შედარებისთვის, CBS News/YouGov-ის უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აშშ-ის მოქალაქეების 53% აფასებს.
აშშ-ის დელეგაციის მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარ-ა-ლაგოში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას არჩევნები სჭირდება, რადგან მისი ლიდერისადმი მხარდაჭერა მინიმალურია.
,,საომარი მდგომარეობის გამო უკრაინაში არჩევნები არ ყოფილა. ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ მისი ლიდერის რეიტინგი 4%-მდე დაეცა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, – ,,ალბათ ხალხს მოუწევს თქმა, რომ დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა. ეს რუსეთის გზავნილი არ არის, ამას მე ვამბობ, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა“.
19 თებერვალს, განახლებული რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
,გვესმის, რომ დეზინფორმაცია 4%-ის შესახებ რუსეთისგან მოდის. გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ რიცხვებზე საუბარი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი ამ დეზინფორმაციაში ცხოვრობს“, – განმარტავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის მოსახლეობა პრეზიდენტს და ხელისუფლებას ლეგიტიმურად მიიჩნევს.
უახლეს რეიტინგებზე საუბრისას, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ანტონ ხრუშეცკიმ განაცხადა, რომ ზელენსკი საზოგადოებაში საკმაოდ მაღალ ნდობას ინარჩუნებს და მეტიც, ინარჩუნებს ლეგიტიმაციას.
„თუ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორი ან მოკავშირე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხის გამო ღელავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს დაჟინებით მოითხოვს არჩევნები, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ უკრაინის მოქალაქეები პრობლემას ვერ ხედავენ. ამჟამინდელ პრეზიდენტს და ხელისუფლებას კომპლექსური მოლაპარაკებების წარმართვის ლეგიტიმაცია აქვთ და არჩევნები ომის დასრულების შემდეგ უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ უკრაინა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მიიღებს“, – ამბობს ხრუშეცკი.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ან აპრილში, ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა გამართულიყო. თუმცა, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება დაუშვებელია.
არჩევნების გადავადება კრემლმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად არაერთხელ გამოიყენა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების განსახილველად ღიაა, თუმცა ეს არ არის რაც მის ხალხს სურს.
,,მე ჩემი ქვეყნის გადარჩენაზე ვარ ფოკუსირებული. ამას მთელი ჩემი ვადის განმავლობაში ვაკეთებდი“, – ამბობს ზელენსკი, – ”მე მზად ვარ არჩევნებზე ვისაუბრო, მაგრამ უკრაინელებს ეს საერთოდ არ სურთ, რადგან ეშინიათ, რომ დავკარგავთ საომარ მდგომარეობას, ჩვენი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან და პუტინი დაიკავებს მთელ ჩვენს ტერიტორიას“.