საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის დელეგაციის არყოფნამ ვაშინგტონის მოკავშირეებში აღშფოთება გამოიწვია. სამშაბათს, 18 თებერვალს, ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებს არც ევროპული ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
დასავლურ მედიაში რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 19 თებერვალს, ევროპისა და სხვა ქვეყნების ლიდერები კვლავ გეგმავენ პარიზში სამიტის ჩატარებას.
სამიტი ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას შეეხება და მას ამჯერად დაესწრება იმ ქვეყნების წარმომადგენლობაც, რომლებსაც პირველ შეხვედრაზე მონაწილეობა არ მიუღიათ. კერძოდ, მიწვეულ ქვეყნებს შორისაა ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია, ბალტიისპირეთისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც.
ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათ ექნებათ ძალა ამ შეთანხმების შესრულება უზრუნველყონ და უკრაინაში სამშვიდობო ძალები განალაგონ.
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს თურქეთში ვიზიტის დროს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკული შეხვედრის შესახებ თავადაც მედიიდან გაიგო.
„რუსულ-ამერიკული შეხვედრა საუდის არაბეთში ჩვენთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, მოულოდნელი იყო. დიახ, ეს ინფორმაცია მედიიდან შევიტყვეთ. არ ვიცი, ვინ დარჩება, ვინ წავა, ვინ სად მიდის. გულწრფელი რომ ვიყო, არც მაინტერესებს. მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე ხელახლა დაფიქრდნენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი დასძენს, რომ უკრაინა არ აღიარებს ამ მოლაპარაკების არცერთ შედეგს, თუ კიევი პროცესში არ იქნება ჩართული. ამ განცხადებით მან გაიმეორა ის, რაც პარიზში პირველი შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა.
ერ-რიადში მოლაპარაკების პროცესის გამო უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთში ვიზიტი გააუქმა.
„ჩვენ სრულიად გულწრფელები ვართ. არ მინდა რაიმე „დამთხვევა“. შესაბამისად, არ მივდივარ საუდის არაბეთში. ჩვენს პარტნიორებს დავუკავშირდით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ქვეყნის ლიდერთან. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ 10 მარტს ოფიციალური ვიზიტით ვეწვევი. რაც შეეხება აშშ-ს, მათ კიევში ველოდებით“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.
სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, მას არ უსაუბრია საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის სურვილს – ომი სწრაფად, მოლაპარაკებების მეშვეობით დაასრულოს – იზიარებს და თურქეთი ამ პოლიტიკას უკვე სამი წელია მისდევს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ომში გამარჯვებული და დამარცხებული არ იქნება, ჩვენ ინტენსიური ძალისხმევა უნდა გავიღოთ მხარეებს შორის მშვიდობის მოლაპარაკებებით მისაღწევად“, – ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
„არსებობს დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერაა შემოთავაზებული, რათა ომი სწრაფად, მოლაპარაკებების მეშვეობით დასრულდეს. ეს მიდგომა ემთხვევა თურქეთის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში მივსდევთ“, – ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ანკარა მზადაა, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლის როლი შეასრულოს.
Україна дуже цінує відносини з Туреччиною і те, що в цей надзвичайний час війни ми маємо необхідне взаєморозуміння й отримуємо підтримку. Дякуємо за теплий прийом, гостинність і абсолютний конструктив у перемовинах.
Сьогодні разом із Президентом Туреччини Реджепом Таїпом… pic.twitter.com/q7ZfPNbvf3
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 18, 2025
„იმ აქტიური დიპლომატიის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში მივყვებით, ჩვენი ქვეყანა იქნება იდეალური მასპინძელი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მომავალი მოლაპარაკებებისთვის“, – ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ არ ესმის მისი წუხილის.
მისი თქმით, თუ უკრაინას მოლაპარაკებები სურდა, ამისთვის მათ სამი წელი ჰქონდათ და შეთანხმების მიღწევას ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოახერხებდნენ.
„ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა. მე ამას სამი წელია ვუყურებ. ესაა ომი, რომელიც არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ვუყურებდი ადამიანებს, რომლებსაც ხოცავენ იმ მასშტაბით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასდროს გინახავთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გავიგე ნერვიულობენ იმის გამო, მოლაპარაკებებზე რომ არ მიიწვიეს. გასაგებია, მათ სამი წელი ჰქონდათ და მანამდე კიდევ უფრო მეტი. ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის მოგვარება. ნებისმიერს შეეძლო ამის მოგვარება წლების წინ ისე, რომ არ მოუწევდათ ტერიტორიის, ადამიანების სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვა. თქვენ გაქვთ ბრწყინვალე ოქროს გუმბათები, რომლებიც დამსხვრეულია და ვერასდროს ჩანაცვლდება, თქვენ მათ ვერ ჩაანაცვლებთ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი დასძენს, რომ უკრაინაში უკვე სამი წელია არჩევნები არ ჩატარებულა და ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი ძალიან დაბალია და მას ლეგიტიმაცია არ აქვს.
„მთელი ცივილიზაცია შეიცვალა. ამიტომ როცა ისინი დარდობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს, გულისხმობთ მას, ვინც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო და შეთანხმებისთვის მიეღწია? მას შეეძლო შეთანხმების მიღწევა. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
პარალელურად, უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ბრიუსელში რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს შეხვდა. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს.
თავისი ვიზიტისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში ევროპის როლი გადამწყვეტი იქნება, რაც აჩენს იმედს, რომ ევროპული ქვეყნები მოლაპარაკებების პროცესს ბოლომდე არ გამოეთიშებიან.
მისივე თქმით, არავინ დააძალებს „სუვერენული ქვეყნის არჩეულ ლიდერს“ მშვიდობას.
კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე და საჭიროა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ბოლომდე მიიყვანონ.