მთავარიმსოფლიოტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში? - კიევსა და ვაშინგტონს შორის საუბრის ტონი იცვლება

ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში? – კიევსა და ვაშინგტონს შორის საუბრის ტონი იცვლება

სწრაფი მშვიდობის ნიშნები ჯერ არ ჩანს, თუმცა დონალდ ტრამპი ხედავს. პრეზიდენტი ჩქარობს, რადგან ომის დასასრულებლად დათქმულ ვადას ზედმეტად ჩამორჩა.

სასწორზე ამერიკის რეპუტაციაა, რომელსაც პარტნიორები სულ უფრო მეტი გულდაწყვეტით, მეტოქეები კი უფრო მეტი ქებით აფასებენ. გულდაწყვეტილებს დონალდ ტრამპმა  ასე უპასუხა.

ვფიქრობ, თავად ვარ იმედგაცრუებული, იმით რაც მოხდა.  ნაწყენები არიან იმის გამო, რომ მაგიდასთან ადგილი არ ჰქონდათ. ამისათვის 3 წელი გქონდათ და მეტიც. თქვენ ომი უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის, თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება – ეს მარტივი იყო. მე ვფიქრობ,რომ მაქვს ძალა დავასრულო ეს ომი, და ვფიქრობ ყველაფერი კარგად მიდის.მე არ ვიცი, იქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე, ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ?ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც  უკრაინაში არჩევნები არ გვქონია, გვაქვს საომარი მდგომარეობა, უკრაინის ლიდერს კი, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ – რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სხვა სიტყვებით “კაპიტულაცია”- ასე აღიქვა ბევრმა ის ალტერნატივა, რომელსაც ტრამპი 3 წლის წინანდელ უკრაინას სთავაზობდა. ეს მისმა კრიტიკოსებმა საგანგაშო გზავნილად მიიღეს. მითუმეტეს,რომ დონალდ ტრამპმა  ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე დააბრუნა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების დათქმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ენიშნათ კიდევ ერთი რამ: უნდოდა ეს თუ არა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ცნობილი ნარატივი გაიმეორა, რომლითაც კრემლი ზელენსკის ლეგიტიმაციას ომის დროს გადადებული არჩევნების გამო აყენებდა ეჭვქვეშ. რუსული აქცენტი ტრამპის სიტყვებში ზელენსკიმაც ამოიკითხა და ვიდრე აშშ-ის წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდებოდა, ტრამპს უპასუხა.

“4 %-იან რეიტინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ეს აქამდეც გვინახავს და გვესმის ,რომ ამის წყარო რუსეთია. ჩვენთვის ცნობილია რომ ამ რიცხვებთან დაკავშირებით ამერიკასა და რუსეთს შორის დისკუსიებიც წარიმართა. ეს სამწუხაროა, მე  პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს, როგორც იმ ერის პრეზიდენტს,რომელიც მუდამ გვიჭერდა მხარს,თუმცა ის დეზინფორმაციაში ცხოვრობს.ვფიქრობ, აშშ-ი ეხმარება პუტინს იმ იზოლაციის დასრულებაში,რომელიც მის წინააღმდეგ სამართლიანად დაწესდა. ვისურვებდი,რომ დონალდ ტრამპის გუნდი იყოს მეტად მართალი, რადგან ამ ყველაფერს არ აქვს პოზიტიური გავლენა უკრაინაზე. სამაგიეროდ ეხმარება პუტინს დაუსხლტეს იზოლაციას”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამშობლოში 57%-იანი რეიტინგის მქონე ზელენსკისთვის მიუღებელია რუსული დიქტატის კარნახი ომის მესამე წელს – ამბობს ქვეყანას ამისთვის არ უბრძოლია. ის უკრაინის გარდა მოლაპარაკებების პროცესში თურქეთისა და ევროპის ჩართვასაც ითხოვს.

ევროპის კონტინენტზე სამხედრო თვალსაზრისით ამერიკა ჯერ არაფერს ცვლის. კიტ კელოგი,რომელიც კიევამდე ვარშავაში იმყოფებოდა ამერიკული ჯარების გაყვანას ევროპის არცერთ ფლანგზე არ განიხილავს.

“დამშვიდდით. არ არსებობს წუხილის საფუძველი იმაზე,რომ აშშ-ი შეამცირებს საკუთარ სამხედრო ყოფნას ჩვენს ქვეყანაში, რომ აშშ რაიმე სახით უკან გაიწვევს საკუთარ თანა-პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე. ვფიქრობ, ამერიკა თამაშში ძლიერად შემოვიდა,როდესაც საქმე უკრაინის ომის დასრულებას ეხება, ველი რომ სულ მცირე ცეცხლი შეწყდება და დასრულდება რუსული აგრესია უკრაინაში”,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ რუსეთ-უკრაინის საკითხზე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ.

თუ ეს აგრესია უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, პოლონეთი მშვიდად ვერ იქნება. მასთან ერთად კი მთელი ევროპაც. ასეთია განწყობა ძველ კონტინენტზე, სადაც ცნობად მიიღეს ლავროვის სიტყვები, რომლითაც ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას მოსკოვმა წითელი შუქი აუნთო. ევროპელი ლიდერები, ამჯერად უფრო დიდი შემადგენლობით, პარიზში მოლაპარაკებების მეორე სესიას მართავენ.

დონალდ ტრამპის ხედვები მათ უკვე იციან, სურთ ევროპის პასუხი ღირსეულად ჟღედეს -პრაქტიკული და ფილოსოფიური გაგებით. თუმცა გამოუვათ თუ არა ? – აქ ჯერ კითხვის ნიშნებია.

რუბიოს სიტყვები ძალიან მკაფიო იყო. ევროპა იქნება მოლაპარაკებების მონაწილე, იმ ნათელი მიზეზის გამო, რომ ჩვენ დავაწესეთ მასზე სანქციები,რომლებიც მოქმედია. ვერ იარსებებს მოლაპარაკება თუ მაგიდაზე არ იდება სანქციების საკითხი და ის ხალხი,ვინც ისინი დააწესა”-აღნიშნავენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა : “რუსეთი არის მაესკალირებელი საფრთხე ევროპისთვის, იმ ქმედებებიდან გამომდინარე,რასაც ის სხვადასხვა სფეროში ეწევა. იქნება ეს პოლონეთის საზღვარი თუ  თავდასხმები დიდ ბრიტანეთში, ინფორმაციული მანიპულაციები რუმინეთში,მკაფიო საფრთხე მათ ბირთვულ დოქტრინაში”.

დღის ბოლოს საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა დადებითად შეაფასა. უპასუხა კითხვებს ევროპელების პრეტენზიებთან დაკავშირებითაც.

“ხმის უფლებას ითხოვენ რაში? ამ შეხვედრის მიზანიც და განხილვის თემაც ორმხრივი ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება იყო. აშშ-რუსეთს შორის ნდობის გარეშე უკრაინის კრიზისის მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი არასოდეს ამბობდა უარს ევროპელებთან კავშირებზე, არც მოლაპარაკებებზე ამბობდა უარს უკრაინაზე. ჩვენ არაფერს ვამბობთ აშშ-სა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობებზე,მაგრამ  ბევრი რამ სწორედ მოკავშირეების ბრალია. რაც შეეხება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მას სიამოვნებით შევხვდები.დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ შეხვედრა და ყავის ან ჩაის დალევა და მომავალზე საუბარი არაა საკმარისი, უნდა მივაღწიოთ რომ ჩვენმა გუნდებმა მოამზადონ საკითხები,რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია.პრეზიდენტი კონფლიქტის დარეგულირებაზე მოკლე ვადებს აწესებდა, მაგრამ უკვე მიიღო ინფორმაცია სპეცსამსხუირებიდან მან უკვე თქვა,რომ ამას ნახევარი წელი მაინც დასჭირდება”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია,თუმცა ტრამპმა არ გამორიცხა ის თებერვლის ბოლომდე შედგეს. ჩაერთვება თუ არა მასში უკრაინის პრეზიდენტი – უცნობია.  ცნობილია,რომ საუდის არაბეთში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიზიტი იმის გამო გადადო, რომ ამით ლავროვი-რუბიოს შეხვედრის პათოსისთვის ლეგიტიმაცია არ მიეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend