მთავარისაქართველოსკოლის ზარი თბილისში ირეკება…

სკოლის ზარი თბილისში ირეკება…

რამდენიმე დღეში სამი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ომმა მილიონობით უკრაინელი აიძულა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და უსაფრთხო გარემო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეძია. ბევრმა მათგანმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. დევნილი ბავშვებისთვის საქართველოში გაიხსნა არაერთი უკრაინული სკოლა, სადაც უკვე მესამე წელია, ათასობით ომგამოვლილი ბავშვი იღებს განათლებას. ევრონიუს ჯორჯია თბილისის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორს ეწვია.

„ძალიან მენატრებიან მშობლები. მე ვფიქრობ, რომ 16 წლის ბავშვები მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ და არა მათ გარეშე“, – წუხს მეათეკლასელი დიანა.

დიანა იობიძე ხარკივიდანაა, მისი მშობლები უკრაინაში დარჩნენ, თავად კი, ნახევარი წლის წინ საქართველოში დასთან ჩამოსვლა გადაწყვიტა.

„აქ წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, მამა ქართველია, არ გამომიშვებდა, მაგრამ ხედავდა რამდენად მიჭირდა, რამდენად რთული იყო დისტანციურად სწავლა. რამდენად რთულად გადამქონდა აფეთქებები, საომარი მდგომარეობა, მე შევთავაზე და ისინი დამთანხმდნენ. მარტო ხომ არ ვცხოვრობ, ჩემ დასთან ერთად ვარ.

დედასა და მამასთან მაქვს ხოლმე კონტაქტი, ისინი ომზე არაფერს მიყვებიან, რადგან მეც დიდი ხანი ვიყავი ხარკივში, მე თავადაც ვხვდები იქ რა ხდება, რამდენად რთულია იქ ყოფნა. მაგრამ ომს ძალიან, ძალიან სწრაფად ეჩვევი. ხარკივში რომ ვიყავი, არ მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც არ იყო ნორმაში“, – ჰყვება დიანა იობიძე.

დიანას მსგავსად სამი წლის წინ ათასობით ბავშვის ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. უკრაინაში დაწყებულმა ომმა ისინი აიძულა, რომ სამშობლო დაეტოვებინათ. შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს ძიებისას კი, ამ ბავშვების მშობლებმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.

„ომამდე, ჯერ კიდევ 2022 წელს, თებერვალში გადავწყვიტეთ საქართველოში ჩამოვსულიყავით სტუმრად. 23 თებერვალს გამოვფრინდით დილით, გაგვიმართლა და ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე აქ აღმოვჩნდით. კიევიდან ჩამოვედით, იქ დარჩნენ ბებია და ბაბუა, ამბობენ, რომ იქ დაძაბული ვითარებაა. მეგობრებს ვესაუბრები ხოლმე, გვირჩევნია, რომ ომზე არ ვისაუბროთ, არც ისე სასიამოვნო საკითხია, ამიტომ უფრო კარგზე ვცდილობთ ვისაუბროთ.

ერთ კვირაში უკვე სამი წელი შესრულდება, რაც აქ ვარ. მალე შევეგუე, რადგან საქართველოში ისევე კომფორტულად ვიყავი, როგორც კიევში. ჩემდა გასაკვირად კიევი და თბილისი ჩემთვის ძალიან ჰგვანან ერთმანეთს“, – ამბობს 14 წლის კირილ ბონდარენკო.

როგორც თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, უკრაინულ სექტორში 500-მდე უკრაინელი ბავშვი სწავლობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. სკოლამ ომგამოვლილი ბავშვების მიღება 2022 წელსვე, აპრილში დაიწყო.

„საქართველოს ბავშვობიდან ვსტუმრობდი ხოლმე, ამიტომ საქართველო ჩემთვის უკვე როგორც მშობლიური ქვეყანაა. მყავს მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ ხალხი დიდად აღარ აქცევს ომს ყურადღებას, მიეჩვივნენ იმას, რომ განგაშია ხოლმე.

მენატრებიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ. ბებო, ბაბუ, ჩემი ძიძა, მეგობრები, ძალიან მენატრება ოდესა. გულწრფელად რომ ვთქვა, როცა აქ ჩამოვედი, პატარა ვიყავი, ბავშვობა არც ისე მკვეთრად აღიბეჭდა გონებაში და ნელ-ნელა მავიწყდება იქაურობა”, – ჰყვება მეცხრეკლასელი ანნა დუხოვნი.

„არ მაქვს შეგრძნება, რომ სახლში არ ვარ. პლუს უკრაინულ სექტორზე ვსწავლობ და ჩემ ირგვლივ ბევრი ჩემნაირი ბავშვია, ამიტომ ისეთი გრძნობა მაქვს, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

ომის პირველი ნახევარი წელი საშინელება იყო, შემდეგ ნახევარი წელი შედარებით სიმშვიდე იყო, შემდეგ კი ვითარება ისევ დაიძაბა. ჩვენს სახლთან ახლოს ქარხანა მდებარეობდა სადაც ყოველ სამ თვეში ერთხელ სტაბილურად ისროდნენ, ამ დროს სახლში ვიჯექი და ძალიან განვიცდიდი“, – იხსენებს დიანა იობიძე.

დიანამ ინტერვიუს დასასრულს გვთხოვა, რომ უკრაინაში მყოფ ოჯახის წევრებს საქართველოდან მისალმებოდა:

„მინდა მოვიკითხო მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ძმა, ძმისშვილები, ჩემი ძაღლი ლარა და ჩემი მეგობარი მაშა, სალამი“.

ავტორი: ნიკოლოზ დავიდენკო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend