მთავარისაქართველო„შეწყვიტეთ ხალხის საცხოვრისით შანტაჟი“ - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

„შეწყვიტეთ ხალხის საცხოვრისით შანტაჟი“ – აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

„შეწყვიტეთ ხალხის საცხოვრისით შანტაჟი“ – ამ გზავნილით რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველები და სამოქალაქო აქტივისტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 15 თებერვალს, ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქში“ თხრილში ჩავარდნის შედეგად დაღუპული ორი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებსა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც მე-13 წელია, ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვს.

„ის, რაც მოხდა ბათუმში და ის დამოკიდებულება, რაც ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან, რაც არაერთხელ გვინახავს – იქნებოდა ეს ვაკის პარკში ბავშვის შადრევანში დაღუპვა, ჯართის მოგროვების დროს ბავშვის დაღუპვა, დენის დარტყმის შედეგად თუ სხვა, – უბრალოდ არსებობს ერთი სისტემური პრობლემა. ეს არის ის, რომ ამ ქვეყანაში ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე არავინ არ ზრუნავს. არ შეიძლება, ასე ხდებოდეს. არ შეიძლება, გვეგონოს, რომ ამ ჩაგვრაში მარტო ვართ, რადგან, ვინც ამ საერთო ჩაგვრის ქვეშ ვართ, პირველ რიგში, ერთმანეთი გვყავს. მინდა, ეს ყველას ახსოვდეს. ზოგჯერ ჩვენც, დევნილებსაც გვჭირდება ამის შეხსენება“, – ამბობს აქციის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ვენერო მელუა.

ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში ისინი ბათუმის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა პრობლემების „გამხმოვანებლები“ არიან. მათი თქმით, თვითნებურად მოწყობილ დასახლებაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ უკვე წლებია, ინფორმირებულია ყველა ორგანო – დაწყებული ბათუმის მერიიდან დასრულებული პრემიერ-მინისტრის აპარატით.

„დევნილებს ყველაზე კარგად გვესმის, რას ნიშნავს, ელოდებოდე თავშესაფარს ან საცხოვრისს სახელმწიფოსგან. ყველამ ნახა ის კადრები, რომ ხალხს თითქოს ეშინოდა, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ შეპირებული ბინებიც არ დაეკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილებს ისიც კარგად გვესმის, რას ნიშნავს – როგორ იყენებს სახელმწიფო თავშესაფარს შანტაჟისთვის“, – ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ნინიკო ლეკიშვილი.

15 თებერვლის ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, 8 თებერვალს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ გამოცხადდა. ადგილზე ჩავიდნენ ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე. სამშენებლო კაფსულის მოთავსების ღონისძიებაში 209 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

შესაბამისი ღონისძიების ხელშეკრულება 1 დღით ადრე, 7 თებერვალს გაფორმდა. ტრაგედიის შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილმა სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი – მათი თქმით, მიუხედავად საზეიმო ღონისძიებისთვის ასეთი ტიპის ხარჯების გაწევისა, უსაფრთხოების ნაწილში არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არც ერთი ლარი არ დაუხარჯავს.

დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ბათუმის მერიასა და სამშენებლო კომპანია „ანაგში“ აცხადებენ, რომ ტრაგედიის ადგილი „სამშენებლო ტერიტორია არ ყოფილა“.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

„ამ პერიოდში ბევრისგან, [„ქართული ოცნების“] მომხრეებისგანაც – „სასწრაფოდ გამოიძიეთ ეს უკანონობა“, მაგრამ ეს უკანონობა გამოძიებული არაა. მეტიც – პროცესიც კი არაა დაწყებული. ამ ადამიანებთან მე მექნება ერთი კითხვა – სადმე ეს გააპროტესტეთ? ან სადმე გამომრჩა მე ეს ინფორმაცია? – თუ თქვენ ამას საკუთარ თავზე იკისრებთ, ყველაფერს წინ აღუდგებით და გააპროტესტებთ ამ უსამართლობას, სადაც იტყვით, იქ მოვალთ მეც და უამრავი ადამიანი, რომელიც თქვენ გგონიათ, რომ რომელიმე მხარეს წარმოადგენს“, – თქვა სოლიდარობის აქციაზე მისულმა მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა.

„ქვეყანაში მდგომარეობა, განსაკუთრებით სოციალური კუთხით დღითიდღე უფრო გაუსაძლისი ხდება. ცოტა ხნის წინ ვნახეთ დევნილი ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან თავი დაიწვა. ასევე ვნახეთ დიდი ტრაგედია ბათუმში. ასეთ სურათებს ვხედავთ ყოველდღიურად და მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულები. საზოგადოება ცდილობს ერთმანეთთან დაკავშირებას. სწორედ ეს გაწყვეტილი კავშირები არის მიზეზი იმის, რომ ჩვენ, საზოგადოება არ ვდგავართ საკმარისად ფხიზლად ამ გამოწვევების წინაშე“, – ამბობს სოლიდარობის აქციის მონაწილე, რეჟისორი, მიხეილ ჩარკვიანი.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმში თვითნებურად შექმნილი დასახლებაა. თითქმის 13 წლის წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საბაზისო საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო და უკეთესი ცხოვრების იმედად, მოქალაქეებმა ბათუმში გადმოსახლება გადაწყვიტეს. მათ შორის იყვნენ შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები. დასახლება ძირითადად ქოხებისა და ფარდულებისგან შედგება, სადაც მოქალაქეთა თქმით, უსაფრთხოების სტანდარტები დაცული არაა. უხვი ნალექის შედეგად ტერიტორია რამდენჯერმე დაიტბორა, ხოლო ხანძრისას 40 ქოხი დაიწვა, რის შედეგადაც რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის თებერვალში სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რის შედეგადაც 582 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა, თუმცა 1700-მდე მოსახლე კვლავ გამოწვევების წინაშე რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend