მთავარისაქართველოქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და უკვე მეორედ თქვა უარი ჟურნალისტის პატიმრობის გადახედვაზე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი ამჯერად მოსამართლე ვერა დოლიძემ ცნო დაუშვებლად.

ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ – მაშინ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გადაწყვიტა, უფლებადამცველების შუამდგომლობა ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ეცნო და მიუხედავად საქმეში არსებული ახალი გარემოებებისა, მოშიმშილე ჟურნალისტი პატიმრობაში დაეტოვებინა.

„სასამართლო რეალურად შინაარსობრივ მსჯელობაში არ შედის. რიგ შემთხვევაში პროკურატურის როლს თავად ირგებს, რომ პატიმრობის აუცილებლობა ამტკიცოს. რიგ შემთხვევაში კი, ჩვენს არგუმენტებს საერთოდ თავიდან ირიდებს და არ მსჯელობს. ეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილებაა მზიას საქმეზე“, – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მიმართეს. მათ შორის, ისინი მიუთითებენ, რომ გაყალბებულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი – მზია ამაღლობელის პირველად დაკავების ოქმი, რომელიც პროკურატურამ გამოიყენა არგუმენტად, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, სწორედ პატიმრობა შეეფარდებინათ.

„პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლოს არგუმენტი იყო ის, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა. პროკურატურა ამბობდა, რომ უნდა გამოეკითხა სხვა მოწმეებიც, გარდა პოლიციელებისა, და მათზე მზია ამაღლობელს რაიმე ზემოქმედება შეეძლო. ეს არგუმენტებიც, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტური იყო, თუმცა უკვე სრულიად გაქარწყლებულია ეს თეორიული დაშვებებიც კი, ვინაიდან საქმეს მხოლოდ და მხოლოდ ოთხი პირის ჩვენება დაემატა და ისინიც პოლიციელები არიან. გარდა ამისა, მითითება იყო იმაზე, რომ თითქოს არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რადგან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რეალურად ეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი უკანონოა. ამაზე წარდგენილი იყო ჩვენი ვიდეომასალაც, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ მუხლით, რომლითაც ის დააკავეს, დაკავებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა“, – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

იმას, რომ მოსამართლემ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, უფლებადამცველები დაურთავენ საჩივარს, რომელსაც ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გასაგზავნად ამზადებენ.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ – ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ჯერ „სტიკერის“ გაკვრისთვის, შემდეგ კი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

ჟურნალისტი დაკავების დღიდან 38 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელმა გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ 18 თებერვალს მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend