მდინარე ბურსაში, როგორც მოსახლეობა ამბობს წლებია, გაუფილტრავი ნარჩენები უკონტროლოდ ჩადის, რაც იწვევს წყლის ძლიერ დაბინძურებას.
მდინარის კალაპოტში დიდი ნალექია, ქაფიანი წყალი მოედინება და ზამთარშიც კი უსიამოვნო სუნი შორიდან იგრძნობა.
ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის გადარჩენას ითხოვს:
„სავსეა ლექით… სქლად დევს მდინარეში. მუჭი რომ ამოუსვა გაიპოხება ახლა სრულიად. მოსახლეობა წუხს, მაგრამ სად უნდა წავიდნენ, ვის უნდა მიაკითხონ?! როგორც რამეს იტყვი – პარტიულობას აბრალებენ. რა შუაშია პარტიულობა. აქ არის ბუნებაზე ლაპარაკი და ვინც არ უნდა იყოს ხომ უნდა მიხედოს. წინა მთავრობის დროს ასე არ იყოო?! და რომ იყო მადლიერები ვიყავით?! ეს არის ბუნებრივი რესურსი… ჩვენი შვილების, შვილიშვილების და ჩვენი მომავალი თაობის. თუ ესენი აღარ იქნება ჩვენც არ ვიქნებით“,– ამბობს სოფელ კუჭატანის მკვიდრი ტარიელ ბაირამაშვილი.
მდინარე ბურსა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი სამდინარო არტერიაა. იგი ალაზნის მარცხენა შენაკადია და მისი სიგრძე 27 კილომეტრია. მდინარის აუზში რამდენიმე დასახლებაა.
ესენია: ქალაქი ყვარელი, ასევე სოფლები – სანავარდო, კუჭატანი და გავაზი. დაბინძურების კერა ადგილობრივი მოსახლეობის თქმით ყვარლიდან ალაზნამდე მონაკვეთია.
„გაუბედურებულია მთელი ბურსა. ქაფი მოაქვს, არაფერი აღარ ხარობს შიგ. საქონელი გაივლის – ბეწვი სცვივა ფეხებიდან. ბავშვები ვეღარ ბანაობენ. წყალიც არ მოდის. გადაუშვეს ჰესში. იქიდან სხვაგან წავიდა ეს მდინარე. აქ სულ დაკეტილია. თუ ადიდდა წვიმები მოვიდა და წყალმა ჩამოიარა და გაასუფთავა ეგაა, დანარჩენი ყარს სოფელი. ნიავი რომ დაუბერავს სუნი მოდის“, – ამბობს სოფელ სანავარდოს მკვიდრი ანტონ წალდაძე.
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2020 წლის დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ბურსაში ქ. ყვარლის საკანალიზაციო წყლები გაუწმენდავად ჩაედინება, რაც იწვევს მდინარის დაბინძურებას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სადრენაჟე, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს.
ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს, რომ კანალიზაციის გარდა დაბინძურებას იწვევს მდინარის აუზში არსებული სხვადასხვა საწარმო. ერთ დროს სიცოცხლით სავსე მდინარე, ახლა სიკვდილის პირასაა.
სოფელ სანავარდოს მკვიდრი თამარ პაპაშვილი საუბრობს:
„ეს არის უბინძურესი, ამომშრალი მკვდარი ხეობა. ნაგვით სავსე და რაღაც საშინელი სუნის და ფერის წყალი მოდის. ჩვენ იქ ვბანაობდით, როდესაც ბავშვები ვიყავით, როდესაც წყალი იყო. ყვარლის კანალიზაცია ადრეც ჩადიოდა, მაგრამ საწარმოს ასეთი დაბინძურებული წყალი არა.“
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაა.
ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა სახელმწიფო სტრუქტურას თუ რა ტიპის ღონისძიებები გატარდა, ან იგეგმება მდინარე ბურსას დაბინძურების შესაჩერებლად, თუმცა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია.
გიორგი თუხარელი