მთავარიმსოფლიო„ვუსმენდით და გვესმოდა” - აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შედეგები

„ვუსმენდით და გვესმოდა” – აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შედეგები

დატვირთული დღე დიპლომატიისთვის. რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატები ერთმანეთს ყოველდღე არ ხვდებიან, არც კონტინენტის ბედი წყდება ყოველ დღე, სწორედ ამიტომ საუდის არაბეთი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. რა შევიტყვეთ შეხვედრიდან?

1. უკრაინის საკითხზე გარღვევა არ არის;
2. რუსეთი და აშშ ერთმანეთის დედაქალაქებში დიპლომატიურ მისიებს აღადგენენ;
3. უკრაინის საკითხზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებს;
4. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მომდევნო კვირას არ შეხვდებიან.

მოლაპარაკებათა მაგიდაზე ვაშინგტონი კომპრომისებისა და დათმობის აუცილებლობაზე საუბრობდა, მოსკოვი კი ეროვნულ ინტერესებზე. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ორივე მხარემ დადებითად შეაფასა.

„ვფიქრობ, საუბარი იყო ძალიან სასარგებლო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ ვუსმენდით ერთმანეთს, არამედ  ერთმანეთის გვესმოდა კიდეც. ამერიკული მხარე უკეთ იწყებს ჩვენი პოზიციების გაგებას. შევთანხმდით იმაზე, რომ უზრუნველვყოთ ელჩების დაუყოვნებლივი დანიშვნა აშშ-სა და რუსეთში; მოვხსნათ ის წინააღმდეგობები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენი დიპლომატიური მისიების მუშაობის გართულებას ემსახურებოდა; უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე დავიწყოთ ჯგუფების მუშაობა, როგორც კი შევიტყობთ ამერიკული მხარის წარმომადგენლის ვინაობას, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავრთავთ ჩვენს მონაწილეს ამ პროცესში; ფართო გაგებით უკრაინის კრიზისის დაძლევის პარალელურად შევქმნათ იმის პირობები, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კონსულტაციების აღდგენით გეოპოლიტიკური პრობლემების ირგვლივ – სხვადასხვა  კონფლიქტების გადაჭრის თვალსაზრისით მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც შეერთებულ შტატებსაც და რუსეთსაც აქვთ თავისი ინტერესი; უნდა მოვხსნათ ურთიერთმომგებიანი ეკონომიკის თვალსაზრისით არსებული  ხელოვნური ბარიერები.

რაც შეეხება ევროკავშირის ძალების ჩასვლას უკრაინაში, პრეზიდენტმა ტრამპმა პირველმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ყველაფრის მიზეზი და ეს იყო ბაიდენის შეცდომა. აქედან გამომდინარე, ავუხსენით ამერიკულ მხარეს, რომ ეს ჩვენი სუვერენობისთვის პირდაპირი საფრთხეა. ნატოს წევრი ქვეყნების განთავსება უკრაინაში, თუნდაც, სხვა დროშით, ეს არაფერს ცვლის და ჩვენთვის მიუღებელია”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსულ დელეგაციასთან შეხვედრა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც.

„მოლაპარაკებებზე შევთანხმდით 4 კონკრეტულ პრინციპზე:

  • შევქმნათ სამუშაო ჯგუფები, რათა აღვადგინოთ ჩვენი დიპლომატიური მისიების ფუნქცია ვაშინგტონსა და მოსკოვში. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური კავშირები;
  • დავნიშნოთ მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფები იმაზე სამუშაოდ, თუ რა იქნება უკრაინის ომის დასასრული, იმისათვის რომ შედეგი იყოს გრძელვადიანი და ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები;
  • დავიწყოთ ერთობლივი, მაღალი დონის დისკუსიები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;
  • გუნდების მუშაობის პარალელურად, მხარეები ჩავერთვებით პროცესში, რათა ის ეფექტურად წარიმართოს.

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი ლიდერია, ვინც მხარეებს სერიოზული საუბრისკენ უბიძგა. იმისათვის რომ კონფლიქტი დასრულდეს, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 3 წელიწადზე მეტია რუსეთსა და აშშ-ს შორის რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა. ჩვენი სატელეფონო ზარით კი, კომუნიკაციის ხაზები აღდგა. ჩვენ დღეს დავიწყეთ რთული გზა, მაგრამ პროცესი დაიწყო. ტრამპის კამპანია იყო აწყობილი მშვიდობაზე და მას სურს მიაღწიოს ამას სამართლიანი მიდგომითა და იმ დათქმით, რომ  არ მოხდება მორიგი კონფლიქტი რამდენიმე წელიწადში. რაც შეეხება სანქციებს, ეს ამ კონფლიქტის თანმდევი პროცესია, კონფლიქტის დასასრულებლად ყველა მხარემ უნდა დათმოს. წინასწარ ვერ გვეცოდინება, ეს რა არის. ევროკავშირი უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან  სანქციები მათ შორის მათი  დაწესებულია. ომი უნდა დასრულდეს ყველასათვის მისაღები პირობით. რა იქნება ეს – სწორედ ამაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით უფრო მეტი თქვა მაიკლ უოლცმა, აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„პრინციპია, რომ შედეგი უნდა იყოს განგრძობადი და არა დროებითი, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ ვიცით პრაქტიკული რეალობა, რომ არსებობს დისკუსიები ტერიტორიაზეც და უსაფრთხოების გარანტიებზეც. ესაა ფუნდამენტური საფუძვლები, რომლებიც დისკუსიებს უდევს საფუძვლად. არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ, რაც ტერიტორიებს ეხება, რთული სამუშაოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დავიწყეთ. პრეზიდენტისთვის მიუღებელია დაუსრულებელი ომი ევროპაში. შეკითხვა – უნდა დამთავრდეს თუ არა ომი? ტრამპმა შეცვალა შეკითხვით – როდის უნდა დამთავრდეს ის? მხოლოდ მას შეუძლია ის დაამთავროს. საღი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თუ  კონფლიქტის გადაჭრა გსურს, ორივე მხარეს დაელაპარაკო. როგორც კი დონალდ ტრამპი ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, მან დაურეკა პრეზიდენტ ზელენსკის. ჩრდილოვანი დიპლომატია გვინახავს და ის აქამდე ხდებოდა. ფაქტი აჩვენებს, რომ მოკავშირეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველდღიურად და ასეც გაგრძელდება”, – აღნიშნა უოლცმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კრიტიკულად შეხვდა შეხვედრას, რომლის მონაწილეც თავად არ ყოფილა. თურქეთში ვიზიტისას მან გაიმეორა, რომ კიევი ვერ აღიარებს რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს და ვერც იმ შეთანხმებებს მიიღებს, რომელთა მონაწილეც ის და ევროპა არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსების პერსპექტივა, ევროპა რეაგირებაზე იფიქრებს. პარიზში ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ამისათვის მზადყოფნა არსებობს ლონდონის მხრიდან. ევროპელები მსჯელობდნენ იმაზეც, თუ როგორ უნდა უპასუხონ იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც მათაც ეხებათ, თუმცა მონაწილეობისთვისაც მათთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დასტური იმაზე, რომ თავდაცვაში ინვესტირება არ იქნება აღქმული, როგორც ჭარბი ხარჯი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვერ ვიტყოდი, რომ რევოლუციური, თუმცა ევროკავშირის ისტორიაში ეს არის ძალიან სერიოზული  დათმობა ლოგიკის სასარგებლოდ, რაზეც პოლონეთი უკვე დიდი ხანია საუბრობდა. არსებობს ერთიანობა და შეთანხმება იმაზე, რომ თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს და არ არსებობს მიზეზი გავღიზიანდეთ აშშ-ის მოწოდებებზე, რადგან დახარჯე მეტი, გახდი უფრო ძლიერი, უფრო მედეგი – ეს სიტყვები გამყარებულია ფაქტებით. ამ შეხვედრაზე იყო 100-პროცენტიანი სიცხადე იმაზე, რომ ეფექტურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება და ეფექტურად დავეხმაროთ უკრაინას შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი”, – აღნიშნავს პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი.

„ეს აბსოლუტურად ნაადრევი და არასწორი დროა ამ დისკუსიებისთვის. ცოტა არ იყოს გაღიზიანებულიც ვარ ამ დებატებით. აქ ადამიანები საუბრობენ მოლაპარაკებების შედეგების შესაძლო ვარიანტებზე, რომლებზეც უკრაინას ჯერ არაფერი უთქვამს და მაგიდასაც კი არ მისჯდომია. ვფიქრობ, ეს შეუსაბამოა, ჩვენ ისიც არ ვიცით, რა შედეგი დადგება უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე, ევროპასა და აშშ-ს შორის არ უნდა იარსებოს რაიმე სახის განხეთქილებამ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატო დაფუძნებულია ერთიანი მოქმედების პრინციპზე და ამაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა პარიზის შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა.

„უნდა გავიაზროთ ახალი ერა, რომელშიც ვცხოვრობთ და უიმედოდ არ მოვებღაუჭოთ წარსულის კომფორტს. დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ევროპელი ლიდერების შეხვედრა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გამოწვევებზე საპასუხოდ. თავდაცვის საკითხზე ნათელია, რომ აშშ არ დატოვებს ნატოს, მაგრამ ევროპელებმა მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არახალია, თუმცა ახლა ამის აუცილებლობაც დგას და თავდაცვის ხარჯებისა და შესაძლებლობების საკითხში ევროპელებმა ნაბიჯები უნდა გადადგან. უკრაინას რაც შეეხება, ეს პროცესის ადრეული ეტაპია. ევროპამ უნდა შეასრულოს მისი როლი. მე მზად ვარ უკრაინაში ბრიტანული ძალები გავგზავნო სხვებთან ერთად – თუ მშვიდობა მიღწეული იქნება. მაგრამ უნდა არსებობდეს ამერიკული თანადგომაც, რადგან აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ისაა, რაც რუსეთს ეფექტურად შეაკავებს უკრაინასთან მიმართებით. მომდევნო კვირას მე ჩავალ ვაშინგტონში და შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს, რათა ვიმსჯელოთ გრძელვადიან მშვიდობაზე”, – ასე შეაფასა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა.

ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში ჩანიშნული შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მარტისთვის გადადო, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ რუსეთის ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend