საპროტესტო აქციაზე წიგნით ხელში კითხვის მოყვარულებს ხშირად შეხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო, მოქალაქეებს უწევთ საყვარელი საქმიანობით აქციის პარალელურად დაკავდნენ.
„წიგნები გეხმარება იმის გააზრებაში, რომ რაც შენ გტკივა ეს უკვე მომხდარა, კიდევ მოხდება სამწუხაროდ და ადამიანებს გადაულახავთ. ადამიანებს ამასთან უბრძოლიათ, ამასთან ერთად ძილი, ცხოვრება, ჭამა, სიყვარული უსწავლიათ და რაღაცნაირად გაუმარჯვიათ კიდევაც ამაზე და ასე რომ ყველაფერი ეს ძალიან ძლიერი მოტივატორია, რომ წიგნში ჩაიხედო და მიხვდე, რომ გადარჩები“ – ამბობს საპროტესტო აქციაზე მყოფი მარი ჩხაიძე.
საქართველოში მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა ბევრ სხვა ასპექტთან ერთად გავლენა მკითხველის არჩევანზეც იქონია.
„იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე რაც საქართველოში ხდება მკითხველის ინტერესი ძირითადად მიმართულია იმ წიგნებზე, რომლებიც დიქტატურასა და ავტორიტარული რეჟიმის შესახებ მოგვითხრობენ“ – ამბობს ანუკა შეყლაშვილი, სულაკაურის გამომცემლობის სოციალური მედიის მენეჯერი.
„მხატვრულმა ლიტერატურამ აბსოლუტურად გვერდზე გადაინაცვლა და ნუ, ძირითადად ავტოკრატია, დიქტატურა და მსგავს თემატიკას ვკითხულობ“ – გვეუბნება სოფიკო მარკოზია.
მსგავსი თემატიკის წიგნების სიუჟეტებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შორის მოქალაქეები ბევრ მსგავსებას ხედავენ.
სოფიკო მარკოზია საპროტესტო აქციაზე რიჩარდ პაიპსის “კომუნიზმს” კითხულობს.
„კომუნიზმი და ალბათ დღევანდელობასთან ყველაზე ახლოს ზუსტად ეგ არის. როგორ შეიცვალა ადამიანების ქცევა რეპრესიის დროს, როგორ მივიღეთ კომუნიზმი ზოგადად ადამიანების პასიურობთ, რამდენად ვერ გათვალეს სიტუაციის სიმძიმე და ეს ყველაფერი დღესაც გვჭირს. 12 წელი ოცნებისთვის კატასტროფა იყო ნამდვილად. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ , ბევრი ადამიანური რესურსი და ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოვედით ზუსტად ამ პასიურობის გამო“ – ამბობს ის.
„ხვდები რომ კი, ამის კითხვა გჭირდება, იმიტომ, რომ იცოდე, რომ ეს თუ ერთხელ დაუშვეს კიდევ შეიძლება განმეორდეს და შენ არ გაქვს უფლება, რომ დანებდე , იმიტომ, რომ ეს მუდმივად განმეორდება. შენ უნდა შეგეძლოს თქმა, რომ სცადე მაინც როგორც მინიმუმ სცადე მაინც რომ არ გამეორებულიყო, არ დაგეშვა არც საკუთარი და არც სხვისი ტანჯვა“ – ამატებს მარი ჩხაიძე.
მკითხველები საკუთარ არჩევანს ხშირად აჩერებენ ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის წიგნებზე. ავტორი ტოტალიტარიზმის კრიტიკით გამოირჩევა.
**„**დღევანდელ რეალობასთან გაგვახსენდება ორუელის წიგნები, ცხოველების ფერმას დავასახელებდი კონკრეტულად. განსაკუთრებით დასასრულს, როცა ღორები როგორც ემსგავსებიან ადამიანებს და პირიქით“ – ამბობს აქციის მონაწილე ნინო შარუხია
“ჯორჯ ორუელს მკითხველი იქამდეც არ აკლდა, თუმცა განსაკუთრებით იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როგორც დაიძაბა შემდგომ საქართველოში მდგომარეობა ამ წიგნის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა.
ეს არ არის ერთადერთი წიგნი, რომელიც როგორც ჩანს მკითხველს აინტერესებს. მათი ინტერესი ასევე მიმართულია ქართული პროზისკენ და განსაკუთრებით იმ ლიტერატურისკენ, რომლებიც საბჭოთა პერიოდს, რეპრესიებს და მის შედეგებზე მოგვითხრობს“ – გვითხრეს სულაკაურის გამომცემლობაში.
„ახლა ვკითხულობ ბრმა ბუს, ირანელი მწერლის სადეყ ჰედაიათის. ეს წიგნი კარგად ეხმაურება ზოგადად დიქტატურას და მერე იმას თუ რას განიცდიან დიქტატურაში თითოეული მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები“ – გვეუბნება საპროტესტო აქციაზე მყოფი მარი ჩხაიძე.
როგორც მარი ჩხაიძე ამბობს, მოვლენები საქართველოშიც ისე რომ არ განვითარდეს, როგორც მსგავსი ჟანრის წიგნებში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ემიგრაციიდან დაბრუნდა.
„მოვდივარ ცოტა მტანჯველი ემიგრაციიდან, ვცხოვრობდი იტალიაში და ძალიან დიდ ხანს ვუყურე ამას შორიდან , უბრალოდ რაღაც მომენტში, რომ ვიჯექი და ვტიროდი კამერის წინ, მივხვდი, რომ ამას ჯობია წავიდე, იმიტომ, რომ აქ მოვკვდები და ორი დეკემბრის შემდეგ ძალიან დიდი გამონაკლისების და განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა ვდგავარ აქ და ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი რაღაცაა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“
საპროტესტო აქციებზე მკითხველები ყველაზე ხშირად მარია რესას წიგნით ჩნდებიან. ამ წიგნმა განსაკუთრებული ინტერესი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შემდეგ გამოიწვია და პროტესტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
ორთვიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისთვის ახლა ყველაზე აქტუალურია კითხვა – როგორ დავამარცხოთ დიქტატორი?