ცივი ომის შემდეგ ბევრი პოლიტოლოგი ფიქრობდა, რომ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის იდეამ საბოლოოდ გაიმარჯვა, რასაც ლოგიკურად ომების დასასრულიც უნდა მოჰყოლოდა.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახლა სამყარო ისეთი შეიარაღებულია, როგორც არასდროს ყოფილა. ამას სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს თავდაცვის გლობალურმა ხარჯებმა ჯამურად $2.46 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ს შეადგენს. 2023 წელს ეს ეს ხარჯები $2.24 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წელს – $1.84.
ხარჯების ზრდა შეიმჩნევა მსოფლიოს ყველა რეგიონში, გარდა საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკული ქვეყნებისა, სადაც მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზის გამო თავდაცვის ბიუჯეტი 3.7%-ით შემცირდა.
ევროპის კონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების ხარჯები განსაკუთრებით გაიზარდა. მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესება და საფრთხის მაღალი რისკებია.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციამ ნატოს წევრი ქვეყნები გამოაფხიზლა. ევროპის ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ ცივი ომის შემდეგ, ნატოს იარაღით აღჭურვა შენელდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეგრძნება კი შესუსტდა.
2024 წელს ევროპის თავდაცვის ხარჯები 11.7%-ით გაიზარდა და $457 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. დიდი წილი მოდის გერმანიაზე, რომელმაც თავდაცვის ბიუჯეტი 23.2%-ით გაზარდა და გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, თუმცა მოსალოდნელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამ ბიუჯეტის ზრდის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.
შეიარაღების ტემპი გაზარდა პოლონეთმაც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან აქტიური შეიარაღების პროცესშია. 2022 წელს ის თავდაცვის ბიუჯეტით მეოცე ადგილზე იყო, თუმცა წინასწარი გათვლებით, 2024 წელს ვარშავა მეთხუთმეტე ადგილს დაიკავებს.
ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ერთნაირად არ მისდევს შეიარაღების ტემპს. მაგალითად – იტალია, ესპანეთი თუ პორტუგალია, თავდაცვაზე მშპ-ის 2%-საც კი არ ხარჯავს.
მიუხედავად ევროპულ ქვეყნებში შეიარაღების მზარდი ბიუჯეტისა, ევროპამ მაინც ვერ გადააჭარბა რუსეთის ხარჯებს, რომლებიც 2024 წელს 41.9%-ით გაიზარდა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, მოსკოვმა გასულ წელს შეიარაღებაზე $462 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
„მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ახერხებს რუსეთი უფრო მცირე ბიუჯეტით, ევროპაზე მეტის დახარჯვას შეიარაღებაზე. გასულ წლებში ეს ხარჯი ასეთი დიდი არ ყოფილა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ხარჯები 42%-ით გაზარდა, თუმცა 2025 წელს ვვარაუდობთ, რომ თავდაცვის ხარჯები 15%-ის ფარგლებში გაიზრდება“, – ამბობს ფენელა მაკგერტი, თავდაცვის ეკონომიკის უფროსი მკვლევარი.
ამ დროისთვის რუსეთი შეიარაღებაზე მშპ-ის 6.7%-ს ხარჯავს, რაც თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, რასაც რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე ხარჯავდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს რუსეთი ამ ხარჯებს 7.5%-მდე გაზრდის.
თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამ მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის. თუკი შესრულდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა – ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ, ევროპის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მეორე მხრივ, ექსპერტები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყნები ზრდის ამგვარ ტემპს შეინარჩუნებენ, ხარჯების 5%-მდე გაზრდა მხოლოდ 2035 წლისთვის თუ მოხერხდება. ევროპის ლიდერებს ახლა სერიოზული სამუშაო აქვთ იმაზე, თუ როგორ მოახერხონ თავდაცვის ბიუჯეტის სწრაფი და ეფექტური ზრდა.
„ფისკალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები დგანან, საყურადღებოა. თავდაცვის ხარჯების 2.5%-მდე გაზრდა მოითხოვს სხვა სფეროების ბიუჯეტის შემცირებას. ჩვენ ვისმენთ გზავნილებს ევროპიდან, რომ თავდაცვის დაფინანსებას შესაძლოა ჯანდაცვის ბიუჯეტი და პენსიები შეეწიროს. მართლაც, ძალიან რთული იქნება იმ ზრდის შენარჩუნება, რაც 2024 წელს ვნახეთ, თუ სხვა სფეროების ბიუჯეტი არ შეიკვეცება. შესაბამისად, საუბრები იმაზე, შესაძლებელია თუ არა თავდაცვის ხარჯების სამ ან ხუთ პროცენტამდე გაზრდა, ძალიან რთულია“, – ამბობს ფენელა მაკგერტი, თავდაცვის ეკონომიკის უფროსი მკვლევარი.
2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტის სიდიდით პირველი 15 ქვეყნის სია ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე უწინდებურად აშშ-ია $968 მილიარდი აშშ დოლარით, მეორეზე, ჩინეთი $235 მილიარდი აშშ დოლარით. მესამე ადგილს კი რუსეთი იკავებს $145 მილიარდი დოლარით. გერმანია დიდ ბრიტანეთს ჩაანაცვლებს და მეოთხე ადგილზე გადავა $86 მილიარდი დოლარით, ხოლო პოლონეთი, $28.4 მილიარდით, მეთხუთმეტე ადგილს დაიკავებს. მხოლოდ ეს 15 ქვეყანა ჯამურად თითქმის $2 ტრილიონ დოლარს ხარჯავს.
აზიის კონტინენტზე 2022 წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ბიუჯეტი 7.4%-ით გაზარდა და ამრიგად, აიძულა იაპონიის, ინდოეთის, ინდონეზიისა და სამხრეთ კორეის მთავრობები, თავადაც ეზრუნათ ხარჯების ზრდაზე.
ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში თავდაცვის საერთო ხარჯებმა $60 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა არგენტინა, რომლის მთავრობამაც ახლახან ვაშინგტონთან $300 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.
ანგარიშის მიხედვით, ის რომ ქვეყნების უმეტესობა თავდაცვის ბიუჯეტებს ზრდის, მათ მიერ საფრთხის შეგრძნების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
იმისათვის, რომ შეიარაღებისთვის თანხების მოძიება შეძლონ, მთავრობებმა შესაძლოა უარი თქვან მწვანე პროგრამებსა და კლიმატზე ზრუნვის პოლიტიკაზე. აგრეთვე, არსებობს რისკი, რომ შემცირდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა. მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რა შედეგებს მოუტანს მსოფლიოს ასეთი აქტიური მილიტარიზაცია.