მოულოდნელად ხანმოკლე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ემიგრაციის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევების გარშემო ცხარე დისკუსიების შემდეგ, 23 თებერვალს, გერმანია ახალ მთავრობას აირჩევს.
გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად ოთხი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის თანამდებობაზე ამჟამად მყოფი ოლაფ შოლცი, მოქმედი ვიცე-კანცლერი და ოპოზიციონერი და ულტრამემარჯვენე ლიდერები.
69 წლის ოპოზიციონერი ლიდერი ფრიდრიხ მერცი და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს. იგი პარტიის სათავეში მას შემდეგ მოვიდა, რაც მისმა ყოფილმა მეტოქემ და კანცლერმა ანგელა მერკელმა 2021 წელს თანამდებობა დატოვა.
მას შემდეგ მერცმა პარტია მეტად კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანა და არალეგალური მიგრაცია ცენტრალურ საკითხად აქცია.
სანამ დეპუტატი გახდებოდა, პოლიტიკური კარიერა 1989 წელს ევროპარლამენტში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა და შესაბამისად, ხელისუფლებაში მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს.
მერცისგან განსხვავებით, დიდი სამთავრობო გამოცდილება აქვს მოქმედ კანცლერს, 66 წლის მემარცხენე-ცენტრისტ ოლაფ შოლცს. მანამდე იგი ჰამბურგის მერისა და გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოზიციებზე მუშაობდა.
კანცლერის ამპლუაში მას არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მან გერმანიის არმიის მოდერნიზაცია დაიწყო. ამ პერიოდში გერმანია უკრაინისთვის იარაღის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.
თუმცა, მისი სამპარტიული კოალიცია გასული წლის ნოემბერში ეროვნული ეკონომიკის გამოცოცხლების გზებზე შიდა უთანხმოების გამო ჩამოიშალა.
გარემოსდამცველ მწვანეთა კანდიდატი მოქმედი ვიცე-კანცლერი და გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრი, 55 წლის რობერტ ჰაბეკია. მის საქმიანობას მინისტრის პოზიციაზე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, კერძოდ, წიაღისეული საწვავის გათბობის სისტემების მწვანე ალტერნატივებით ჩანაცვლების გეგმების გამო.
ქვეყნის მთავარი თანამდებობისთვის იბრძვის 46 წლის ალის ვაიდელიც, ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პოლიტიკის მომხრე – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.
განათლებით ეკონომისტი პარტიის დაფუძნებიდან მალევე, 2013 წელს შეუერთდა.
დეკემბერში კი გუნდმა იგი კანცლერობის კანდიდატად დაასახელა – თუმცა სხვა პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. შესაბამისად, ალის ვაიდელს კანცლერობის რეალური შანსები ამ ეტაპზე არ აქვს.
მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 20%-ს მიიღებს, როგორც ამას გამოკითხვები მოწმობს, ჯგუფი ბუნდესტაგში ადგილების გაორმაგებას შეძლებს.
BBC-ის უახლესი წინასაარჩევნო მონაცემების თანახმად, ოთხ ყველაზე დიდ ჯგუფს შორის ამ ეტაპზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ცალსახად ლიდერობს – ხმების 30.2%-ით. მას მოჰყვება ალტერნატივა გერმანიისთვის – 20.7%-ით. მესამე ადგილს 15.4%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს, ხოლო მწვანეთა გაერთიანებას წინასაარჩევნო გამოკითხვებში ამომრჩევლების 13.5% უჭერს მხარს.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გერმანიის მომდევნო კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდება.