კენჭისყრის პროცესი, რომელსაც კვლავ მხოლოდ კრემლი და მისი რამდენიმე მოკავშირე აღიარებს. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველმა ტურმა მხოლოდ ის გადაწყვიტა, რომ რეგიონის მოსახლეობას ორ კვირაში საარჩევნო ყუთთან მისვლა ხელახლა მოუწევს. 50%-იანი ბარიერის გადალახვა დაბრკოლება ყველა კანდიდატისთვის აღმოჩნდა.
დე-ფაქტო „პრეზიდენტობისთვის“ რბოლაში მხოლოდ ორი – ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დარჩა. პოლიტიკური წარსული ორივეს აქვს. ინტერესებიც თითქმის საერთო. სხვაობა მხოლოდ კრემლისადმი ლოიალურობაშია. სავარაუდოდ, ამ გარემოებით იხელმძღვანელა აფხაზურმა მოსახლეობამ და ასე გამოვლინდა პირველი ტურის ფავორიტი – ბადრა გუნბა.
ე.წ. „პრეზიდენტის“ თანამდებობამდე აქამდე გუნბას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა. ასლან ბჟანიას „მმართველობისას“ ის დე-ფაქტო „ვიცე-პრეზიდენტის“ პოსტს იკავებდა. 2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა, რამაც გამოიწვია ადგილობრივების უკმაყოფილება, ფართომასშტაბიანი პროტესტი და საბოლოოდ ასლან ბჟანიას ოთხწლიანი ე.წ. „პრეზიდენტობა“ დაასრულა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არ დაუსრულებია საკუთარი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობა.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გასული წლის ნოემბერში დაწყებული ვნებათაღელვის მთავარმა ადრესატმა ე.წ. „საარჩევნო პროცესში“ ჩაბმა ბადრა გუნბას კანდიდატურის წარდგენით გადაწყვიტა. მოსკოვისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ის არ მალავს. ამას კი ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ბადრა გუნბა აქტიურად უჭერდა მხარს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პარლამენტის“ ყველა ე.წ. „საკანონმდებლო ინიციატივას“, რომელსაც სოხუმს მოსკოვი კარნახობდა. მათ შორის იყო როგორც ე.წ. „აპარტამენტების შესახებ კანონი“, ისე რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება.
ამ მიდგომის გამო ბადრა გუნბას ოპონენტები და ადგილობრივ ექსპერტთა ნაწილი რუსი ინვესტორებისა და მაღალჩინოსნების მიერ მხარდაჭერილ და კომპრომისულ ფიგურას უწოდებენ, ვისი იმედიც, როგორც ისინი ამბობენ, მოსკოვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
კრემლისადმი ერთგულებას ბადრა გუნბას მოსკოვი უფასებს. დე-ფაქტო „არჩევნებამდე“ 2 კვირით ადრე სოხუმს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ხელისუფლების ახალი კურატორი იქნება. მითუმეტეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის წარმომადგენელს გამოცდილება აქვს – სწორედ ის და მისი სოციოლოგებისგან შემდგარი გუნდი აქტიურად მუშაობდა მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინულ რეგიონებში ჩატარებულ რეფერენდუმებზე, 2022 წლის სრულმასშტაბიან ომამდეც და უკრაინაში შეჭრის შემდეგაც.
მოსკოვიდან სოხუმში სერგეი კირიენკო უხვი დაპირებებით ჩავიდა – ოკუპირებული რეგიონის სკოლებისა და საავადმყოფოების მონახულების შემდეგ რუსი მაღალჩინოსანი ბადრა გუნბას აფხაზეთში ჯანდაცვის, სოციალური და ენერგეტიკული სფეროების განვითარებას დაჰპირდა. არადა, კრემლის ფულადი სახსრების განკარგვა მის თანამდებობრივ მოვალეობებში არ შედის – არც რუსეთში, არც მის ფარგლებს გარეთ. ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას სერგეი კირიენკოს არც სოხუმის ახლად აღდგენილი აეროპორტის მონახულება გამორჩენია და არც ამ პროცესში ბადრა გუნბას როლზე საუბარი. სწორედ ის უძღვებოდა აქტიურად პირველი სატესტო რეისის შესრულებას – „ვნუკოვოდან“ „ბაბუშერამდე“.
დე-ფაქტო „არჩევნების“ ჩატარებამდე 1 კვირით ადრე ბადრა გუნბა საპასუხო ვიზიტით მოსკოვს ეწვია და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან განიხილა ის პროექტები, რომლებსაც ე.წ. „პრეზიდენტის თანამდებობის“ დაკავების შემდეგ კრემლის მხარდაჭერით განახორციელებდა. პოლიტიკოსის ოპონენტთა ნაწილმა „საეჭვოდ“ და „ნაადრევად“ მიიჩნია მსგავსი შინაარსის მოლაპარაკებები იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ე.წ. „პრეზიდენტის“ ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო.
დე-ფაქტო „არჩევნების“ მეორე ტურში გადასული კიდევ ერთი ე.წ. „კანდიდატი“ ბადრა გუნბას ოპონენტი, ადგურ არძინბა ახლა აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციას“ წარმოადგენს – მანამდე კი ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო „ეკონომიკის მინისტრი“ და თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, „მთავრობის“ ვიცე-პრემიერი იყო. ე.წ. „საპრეზიდენტო რბოლაში“ მონაწილეობა მისთვის პირველი არაა, თუმცა, აფხაზური მედიისა და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, რბოლაში უიღბლობის მიზეზი მოსკოვის ინტერესებთან აცდენაა.
ადგურ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა როგორც ე.წ. „აპარტამენტების კანონს“, ისე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის გადაცემას, ენერგოსისტემის პრივატიზაციას, რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებასა და დენის ტარიფის ზრდას. არძინბას თქმით, ამ კანონებით მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის რუსული პასპორტების მფლობელი ქართველი ოლიგარქები მიიღებენ სარგებელს. მასვე ეკუთვნის ინიციატივა კორუფციაში ჩართული მოხელეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით. მიუხედავად მსგავსი პოზიციისა, ადგურ არძინბას მოსკოვისადმი სიმპათიები პოლიტიკურ განცხადებებში მაინც აშკარად ვლინდება. კრემლი მას სოხუმის ერთადერთ რეალურ და ნამდვილ მეგობრად მიაჩნია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებს დააყენებს წინ.
ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერება რჩება ადგურ არძინბას ერთ-ერთ მთავარ დაპირებად, თუმცა უცნობია, ვინ მოიაზრება „საერთაშორისო კავშირებში“ იმ რეგიონისთვის, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს გამართული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ერთხმად დაგმეს. ე.წ. „კენჭისყრის პროცესი“ თბილისიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ შეაფასა. მისი თქმით, ე.წ. „არჩევნებში“ გაიმარჯვებს ის, ვინც კრემლის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც მოსკოვი უბრძანებს.
„ვის პარადიგმებშიც, გამონათქვამებშიც, პერსპექტივასა და სამოქმედო იმედებშიც უფრო დარწმუნდება კრემლი, ის მიიღებს ხმას. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მთავარი მხარდამჭერის დასმის ღონისძიება. ცოტას გადაუგდებენ სახრავად იმ ახალარჩეულ პრეზიდენტს და დანარჩენს კრემლი გაატარებს თავის პოლიტიკურ, ექსპანსიონისტურ, ეკონომიკურ და სოციალურ ღონისძიებებს, რომლებსაც აფხაზეთში გეგმავს. ეს არის პირდაპირ ამ რეგიონის რუსეთში რაღაც ფორმით გაერთიანების მცდელობა. იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც რუსეთი უბრძანებს“, – თქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.
ე.წ. „პრეზიდენტის“ ვინაობა საბოლოოდ 1-ელ მარტს გაირკვევა. იქნება ეს ბადრა გუნბა თუ ადგურ არძინბა, ამას ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაზე მეტად, სავარაუდოდ, მოსკოვისადმი ერთგულების საზომი გადაწყვეტს.