როდის დაიწყო მიშენება-დაშენების ქაოსური პროცესები თბილისში და რა მდგომარეობაშია დღეს მრავალსართულიანი შენობები, რომლებსაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და გაფართოების მიზნით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფართი მიაშენეს?
ჯერ კიდევ 1920-იან წლებში საბჭოთა მთავრობამ დაადგინა საცხოვრებელი სივრცის ნორმა საბჭოთა მოქალაქისათვის – 8 კვადრატული მეტრი, რასაც მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა. ე.წ. პერესტროიკის პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ წამოიწყო საბინაო პრობლემის გადაჭრის მიზნით სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანიც საბჭოთა ოჯახების იზოლირებული ბინით ან ინდივიდუალური სახლით უზრუნველყოფა იყო.
საამისოდ, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებამ 1987 წელს გამოსცა დადგენილება, რომელიც მრავალსართულიანი სახელმწიფო და კოოპერატიული სახლების მცხოვრებლებს უფლებას აძლევდა ბინებისათვის ლოჯიები, ვერანდები და აივნები საკუთარი ხარჯებით მიეშენებინათ. მთავრობის მიერ გამოცემულ დოკუმენტებში მკაცრად იყო გაწერილი ის ნორმები და სტანდარტები, რომლებიც მოქალაქეებს მშენებლობის დროს უნდა დაეცვათ, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მეტი საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით ეს სტანდარტები დაარღვია და ქაოტურმა მიშენებებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი მოიცვა.
ამ დრომდე დღის წესრიგში რჩება მსგავსი მშენებლობების უსაფრთხოების საკითხიც, რაც ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
სპეციალისტების შეფასებით, დედაქალაქის ხელისუფლებას დღემდე არ აქვს შემუშავებული რაიმე გრძელვადიანი ხედვა ან გეგმა, რომელიც პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული.