კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონია დღეს, 17 თებერვალს, გაიმართა. გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.
„ეს აღნიშვნაა იმ ფუნდამენტური როლის, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის საქმეში.
თვალს ვერ დავხუჭავთ იმ თვალშისაცემ რეალობაზე, რომლის ფონზეც მიმდინარეობს დღევანდელი ცერემონია. ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა. გარემო სულ უფრო მტრულია; მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს.
ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლება საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის… ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროკავშირის ელჩის თქმით, პატივისცემასა და სოლიდარობას იმსახურებენ ის ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და მედიამენეჯერები, ვინც საშიშროების ზრდის მიუხედავად საქმიანობას აგრძელებს. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ისინი დემოკრატიის მცველთა წინა ხაზზე არიან და მათ სიმამაცეს სრული მხარდაჭერა სჭირდება.
ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელზე და განაცხადა, რომ მისი მხრიდან შიმშილობა „საოცარი სიმამაცისა და მიზანდასახულობის აქტია და დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა“. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის ყველა დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს.
„ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობაზე და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები 7 საპრიზო კატეგორიაში გამოავლინეს:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – სალომე ჩადუნელი, „რადიო თავისუფლება“;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – მარიამ ნიკურაძე და დავით თამაზაშვილი, „ჩაიხანა“;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თამარ გელაშვილი, „სტუდია მონიტორი“;
- საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – გიორგი ბასხაჯაური, „აპრილი“;
- ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლება“;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინმედიაში – თამარ მჭედლიძე, OC Media;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მაია მეცხვარიაშვილი, „სტუდია მონიტორი“.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მათი „მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევია”.