მარკო რუბიო ადგილზეა, სერგეი ლავროვი ჯერ გზაში. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები კვლავ შეხვდებიან. „გარღვევა არ იქნება, პროცესი არ არსებობს“ – ამ განცხადებებით ცდილობს სიფრთხილის გამოჩენას ვაშინგტონი. ფრთხილობენ მოსკოვშიც, თუმცა უცვლელი რიტორიკით. საუდის არაბეთში გაფრენამდე, სერბ კოლეგასთან შეხვედრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერიტორიული დათმობის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა.
„ტერიტორიული დათმობების შესახებ რაიმე აზრი გსურთ არსებობდეს? დათმობა ვისთან – ვსაუბრობთ რუს ხალხზე თუ იშვიათ მეტალებზე? ტერიტორიული დათმობა რისთვის, რომ რუსები ისე გაანადგურონ იქ,როგორც ეს კურსკში ან რუსეთის სხვა ადგილებში ხდება? როდესაც პარტნიორებთან მივდივართ, პირველ რიგში მიზნად გვაქვს მათი მოსმენა. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები შეთანხმდნენ, უკან მოიტოვონ ამ ორ დიდ ქვეყანას შორის არსებული წარსული ურთიერთობები, როდესაც ისინი საერთოდ არ საუბრობდნენ. დიალოგი უნდა აღდგეს ყველა იმ საკითხზე, რომლის დარეგულურებაშიც აშშ და რუსეთია ჩართული. იყო ნახსენები უკრაინის საკითხიც, ასევე ახლო აღმოსავლეთიც და სხვა რეგიონებიც, სადაც ამჟამად ვითარება არაა მშვიდი. მოვუსმენთ ჩვენს ამერიკელ თანამოსაუბრეებს და მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ. ამის შესახებ კი მოვახსენებთ ჩვენს ლიდერებს, რომლებიც გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს”, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
„შემდეგი დღეები და კვირები გვაჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი. ერთი სატელეფონო ზარი მშვიდობას ვერ მოიყვანს, მითუმეტეს ისეთ კომპლექსურ ომში, რომელსაც თვალს ვადევნებთ. დონალდ ტრამპი, მართლაც, ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამ პროცესის დაწყება. სხვებმაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ეს პირველი ნაბიჯებია გრძელ გზაზე, რომელიც ერთი ზარით ან ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდება, სამუშაო ბევრია. ეს გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. არ მგონია გეოპოლიტიკაში ვინმე ვინმეს რომ უნდა ენდოს, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს ქმედებით. მე არ ვიცნობ ტრამპზე უკეთეს მომლაპარაკებელს ამერიკულ პოლიტიკაში, ვფიქრობ, ის მალევე გამოიტანს დასკვნას – სერიოზულია ეს ყველაფერი თუ დროის მოგებისთვის კეთდება. პროცესი ჯერ არ არსებობს, როდესაც რეალური საუბარი წავა, უკრაინა მასში უნდა იყოს ჩართული, რადგან სწორედ იქაა შეჭრილი რუსული ჯარი. ჩართული უნდა იყოს ევროპაც, რადგან რუსეთზე სანქცირებაში ძალისხმევა სწორედ ევროპამ გაიღო“, – აღნიშნა CBS-თან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ამერიკელი დიპლომატის თანმხლები პირები იქნებიან: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და ახლო აღმოსავლეთში შტატების სპეციალური წარმომადგენელი. რუსეთის პირველ დიპლომატი კი საუდის არაბეთში საგარეო საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩევლითა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელით ჩადის. აშშ-მა მკაფიო გახადა, რომ რუსეთთან განყენებულ მოლაპარაკებებს გეგმავდა, თუმცა უკვე საერთო მაგიდაზე უკრაინის ჩართულობას ნათლად ხედავს. ვოლოდიმირ ზელენსკი ლავროვი-რუბიოს შეხვედრის ადგილიდან არც ისე შორსაა, ამჟამად აბუ-დაბიში იმყოფება, ოთხშაბათისთვის კი საუდის არაბეთში გეგმავს ჩასვლას. დაზუსტებით არავინ იცის, შეხვდება თუ არა ის ადგილზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, თუმცა თავად დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრის აქტიურ სამზადისშია. ამბობს, რომ ეს მალე მოხდება. კითხვაზე, ელის თუ არა ზელენსკის ჩართულობას პროცესში, ასე პასუხობს:
„დიახ, დიახ, ის იქნება ჩართული. მარკო რუბიოს დილით ვესაუბრე, ჩვენ წინ მივიწევთ, ვცდილობთ მივაღწიოთ მშვიდობას რუსეთსა და უკრაინასთან და ამაზე დიდი მონდომებით ვმუშაობთ. ეს ომია, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო. მე ვფიქრობ, პუტინს სურს, დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები, ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. თუ ის გააგრძელებს ომს, ეს ჩემთვის დიდი პრობლემა იქნება. ეს ვერ უნდა მოხდეს, მათ სურთ სწრაფად დაამთავრონ ომი, ზელენსკისაც და პუტინსაც”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან.
და რა როლი ექნება ამ ყველაფერში ევროპას? ახლო აღმოსავლეთის პარალელურად აქტიური დისკუსია იწყება ევროპის მიწაზეც. პარიზში მასპინძლების გარდა გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის, იტალიის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ემზადებიან საგანგებო საუბრისთვის, რომელმაც კონტინენტის უსაფრთხოებაში მათი სამოქმედო გეგმა უნდა განსაზღვროს. ეს კი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში ევროპისთვის ადგილი არ მოიძებნა.
„ევროპაში ახლა ერთობის ქარი ქრის, ასეთი, ალბათ, კოვიდის დროსაც არ გვიგრძნია. ჩვენ ერთიანები ვართ პარიზშიც, მიუნხენშიც და ახლაც ასე იქნება. რესპუბლიკის პრეზიდენტი ევროპის მთავარ ერებს ერთად შეკრებს, რათა ვიმსჯელოთ ევროპის უსაფრთხოებაზე. ეს არ არის ვინმეს განცხადების საპასუხო შეხვედრა, ევროპელები ისედაც ხვდებოდნენ სხვადასხვა საკითხზე. ესაა სამუშაო შეხვედრა, მთავრობების ხელმძღვანელებსა და პირველ პირებს შორის”, – ასე განმარტა პროცესი ჟან-ნოელ ბარომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ ევროპელებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში მშვიდობის გარანტიებზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. ცნობილია შეკითხვებიც, რომლებიც ვაშინგტონს ბრიუსელთან აქვს. კერძოდ, რას ნიშნავს ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტია, რომელი ევროპული ქვეყანა იქნება მასში ჩართული, არის თუ არა ის მზად, გაგზავნოთ საკუთარი ჯარები უკრაინაში და სად ხედავს მათ ადგილს. ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს დიდ ბრიტანეთს, რომლის პრემიერ-მინისტრმაც საჯაროდ პირველად თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მზად არის, იქ სამხედრო ძალები გაგზავნოს, თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება.
„ეს ცარიელი სიტყვები არ არის, პატარა წვლილიც კი უკრაინის უსაფრთხოებისთვის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიაა“, – აღნიშნეს ლონდონში.
This is why I’m in Paris today. pic.twitter.com/12e829Ysed
— Keir Starmer (@Keir_Starmer) February 17, 2025
„ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ ვართ იმგვარი გამოწვევის წინაშე, რომელიც შეიძლება თაობებს არ ჰქონდეთ. მთავარი საკითხი კი უკრაინის მომავალია. ჩვენ უკრაინა უნდა დავაყენოთ რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში .ამასთან უნდა დავრწმუნდეთ, რომ მშვიდობა გრძელვადიანია. ეს არაა მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზი, ეს ევროპის ფრონტის ხაზია. ვფიქრობ, მეტი უნდა გავაკეთოთ, ფეხზე უნდა დავდგეთ ევროპის კოლექტიური პასუხით. მე ვგულისხმობ უკრაინის თავდაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში ჩვენს სრულყოფილ ჩართულობას, თუ მოხდება სამშვიდობო შეთანხმება”, – აღნიშნა კირ სტარმერმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
დიპლომატია აჩქარებული წამმზომით ამუშავებულია – თუმცა ვიდრე იგი შედეგს გამოიღებს, საბრძოლო მოქმედებები არ შემწყდარა. უკრაინულ რეგიონებზე თავდასხმა დღესაც გრძელდება, კიევი დრონებით თავდასხმას აგრძელებს რუსეთის ტერიტორიებზე.
უკრაინის ცნობით, რუსეთთან ომში ქვეყანამ 46 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ათობით ათასი დაკარგულად ითვლება, დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი კი 350 ათასს აჭარბებს.