79-ე დღეა, საქართველოს მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე მისვლამდე მოქალაქეთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც.
„მე ვარ პატიმრის დედა, რომელსაც 1992 წელს შვილი მიტინგზე მოუკლეს. გიორგი ვერ შეეგუებოდა იმას, რომ სახლში მჯდარიყო და ტელევიზორისთვის ეცქირა, თავისი ძმის სისხლით მოპოვებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ დაეცვა”, – ამბობს მარინა ტერიშვილი, გიორგი ტერიშვილის დედა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციაზე.
„რეზო და ყველა პატიმარი გვამხნევებს, მხნედ იყავითო. მე კი, ვეტყვი, რომ ისინი იყვნენ მხნედ. სულ გვეუბნება, რომ გარეთ ვიბრძოლოთ, ჩვენ კი, თავისუფლებისთვის ვიბრძვით”, – ამბობს რეზო კიკნაძის მამა, ილია კიკნაძე.
ერთი თვეა, ყოველ პარასკევს დედაქალაქში პატიმრობაში მყოფ პირთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.