განცდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოახლოვდა საგრძნობია, განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური სივრცისთვის. ვიდრე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მაგიდას მიუსხდებიან, კომპლექსური თუმცა სწრაფი გზაა გასავლელი. ამ პროცესში სიტყვებსაც მეტი წონა აქვს – ნათქვამსაც და უთქმელსაც. კითხვას, თუ რა უნდა დათმოს მოლაპარაკებებისას რუსეთმა, დონალდ ტრამპმა ვერაფერი უპასუხა.
„შესაძლოა, რუსეთმა დათმოს ბევრი, შესაძლოა არც დათმოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. მაგრამ გეტყვით, რომ ნატოს საკითხს რუსეთი არასოდეს მიიღებს. ვფიქრობ, უკრაინამ ამის შესახებ იცოდა, ამიტომაც არ ითხოვდა წევრობას დიდი ხნის მანძილზე. ასეა და ვფიქრობ ასეც იქნება”, – თქვა ტრამპმა.
ამ გზავნილების გამო თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოკავშირეებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ნატო, ისევე როგორ ამერიკის წინა ადმინისტრაცია, მუდმივად იმაზე საუბრობდა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოებაში ვეტოს უფლება ვერ ექნებოდა. ახლა კი ჩანს, რომ ამ უფლებას მას თვით ვაშინგტონიდან უმყარებენ. მაშინ რა შეთავაზება აქვს აშშ-ს?
ამ კითხვას პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ასე პასუხობს: „ვერავინ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ დაიწყო ეს აგრესია. მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, იფიქრონ იმაზე, რომ დამაჯერებლობითა და ძალით ჩვენ შეგვიძლია ეს ორი ლიდერი ერთ მაგიდასთან დავსვათ გრძელვადიან მშვიდობაზე სალაპარაკოდ, რომელიც უნდა მოემსახუროს უკრაინის ინტერესს და იმას, რომ შეწყდეს ადამიანების სიკვდილი. სწორედ ეს სურს პრეზიდენტ ტრამპს და იმედია, ეს გარანტირებული იქნება ევროპელების ძალის დახმარებით, რომლებიც მზად არიან ამას მხარი დაუჭირონ. მე ვერ გეტყვით რაიმე გადაწყვეტილების ან განცხადების შესახებ, რომელიც იქ უნდა გაკეთდეს, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი როგორც მომლაპარაკებელი და ბიზნესმენი, იაზრებს, რომ საინვესტიციო ურთიერთობები უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ისთვის უფრო მეტად ხელშესახებია, ვიდრე რაიმე დაპირება ან ღირებულება, რომელიც შეიძლება გვქონდეს და გვაქვს კიდეც”.
აშშ-ში განიხილება რამდენიმე კონფიგურაცია, რომელმაც რუსეთს დათმობისკენ უნდა უბიძგოს:
ეს უკრაინაში ამერიკული ჯარის განთავსებაა;
უკრაინისთვის ბირთვული შეიარაღების მიცემა;
რუსეთის სანქცირება და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაც, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობაზე ვერ დაითანხმეს.
ეს ყველაფერი ზედაპირზე, თუმცა რა ხდება ფარდის მიღმა? უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევი პოზიციებში მტკიცეა.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც რუსეთის ნაწილს და ჩვენ გვსურს, გავხდეთ ნატოს წევრი. დიახ, ჩვენ ვენდობით ნატოს უსაფრთხოების გარანტიებს, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მარტივი გზა ყველასათვის. ევროპა უნდა გაერთიანდეს უკრაინის ირგვლივ, რომ დაიცვას საკუთარი თავი. დონალდ ტრამპთან გამართული დისკუსია არაა საკმარისი სამშვიდობო გეგმის შესამუშავებლად. აშშ-ისგან მიღებული გზავნილები ძლიერია, თუმცა მეტი საუბარია საჭირო“, – აცხადებს ზელენსკი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
საჭირო საუბრები ბევრი იქნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ადგილას, სადაც ჩვეულებრივ დიპლომატია საუკეთესო სახითაა წარმოდგენილი. აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვედრა დაგეგმილია, რუსეთი კი ადგილზე არ ჩასულა. ევროპაში ამ წუთას ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც რუსეთის დელეგაციას თბილად მიიღებდნენ. ბერლინი ეს ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა შოლცისთვის თავად პუტინისა და ტრამპის ზარი მისაღები იყო.
იქნება თუ არა სწრაფი გადაწყვეტა გრძელ ომში? თეთრი სახლის ახალმა ადმინისტრაციამ პროცესი დაძრა და დასასრულის განცდაც გააჩინა. თუმცა მთავარი ჯერ წინაა. მსოფლიო ომში მყოფი ქვეყნის ლიდერებს ერთ მაგიდასთან ელოდება.