პროევროპული პროტესტის მონაწილე მოქალაქეები კვლავ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას და მოითხოვენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიცია მასობრივად ძალადობდა დემონსტრანტებზე, აგინებდნენ და სცემდნენ თანამოქალაქეებს. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტია ატვირთული.
შსს მინისტრის ბრძანება N989, სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესების დამტკიცების შესახებ.
ძირითადი გადაცდომები:
· სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება;
· სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
· ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ უღირსი საქციელი;
· შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;
ამ გადაცდომებისთვის პასუხისმგებელ პირს შენიშვნა, თანამდებობიდან დაქვეითება ან სამსახურიდან დათხოვნაც კი ემუქრება.
გარდა ამისა, ძალოვან უწყებას შემუშავებული აქვს პოლიციის ეთიკის კოდექსიც. ეს ოფიციალური დოკუმენტი ასევე ატვირთულია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე.
ძირითადი პრინციპები, რომლებსაც პოლიციელი უნდა იცავდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს:
· პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას;
· სიცოცხლის უფლებას;
· თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
· პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
· აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის უფლებას;
· გამოხატვის თავისუფლებას;
· მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და ასე შემდეგ;
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედების დროს უნდა ისარგებლოს თანაზომიერების პრინციპით და კანონით მინიჭებული საშუალებებიდან გამოიყენოს მხოლოდ ის, რაც მოქალაქეს ნაკლებ ზინას მიაყენებს. თითოეული პოლიციელი ვალდებულია, რეაგირება ჰქონდეს კოლეგების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე.
პოლიციის ეთიკის კოდექსის მესამე თავში ვკითხულობთ: „პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა კი იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეს დოკუმენტები ძალიან საინტერესოა, რადგან ვრცელდება არაერთი ვიდეო, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ აგინებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დემონსტრანტებს, აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამის შესახებ მოქალაქეებიც საუბრობენ. ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იურისტმა და უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად ეთიკურია ეს დამოკიდებულება და აქვს თუ არა ძალა ამ დოკუმენტებს.