აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საპასუხო ტარიფებს უწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ამერიკულ პროდუქციას ბეგრავს.
ტრამპის თქმით, ეს ზომები მიზნად ისახავს სავაჭრო დისბალანსის აღმოფხვრას.
„სამართლიანობისთვის გადავწყვიტე საპასუხო ტარიფები დავაწესო. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ქვეყნები დააკისრებენ აშშ-ს, ჩვენც დავაკისრებთ მათ – არც მეტი, არც ნაკლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ზუსტად იდენტურ გადასახადს დავაწესებთ იმისა, რასაც ისინი გვიწესებენ ჩვენ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ეკონომისტები თვლიან, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ქვეყნის შიგნით ტურბულენტური ეკონომიკური კლიმატი შექმნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სხვა ქვეყნები გაზრდილ ტარიფებს გადაიხდიან, მომხმარებლებისთვის პროდუქტზე ფასი გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი გეგმა წარმატებით იმუშავებს.
„არავინ იცის რა მოხდება, გარდა იმისა, რომ შეიქმნება იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც არასდროს გვინახავს. აგრეთვე, ვფიქრობ, იმის გამო რაც ხდება, საპროცენტო განაკვეთებიც საბოლოოდ შემცირდება“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
რამდენიმე კვირაა, რაც დონალდ ტრამპი კონკურენტებსა და მოკავშირეებს ტარიფების დაწესებით ემუქრება. ბევრი ქვეყანა საპასუხო ზომებს ამზადებდა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის პოლიტიკა მსოფლიოს უბიძგებს ყოვლისმომცველი სავაჭრო ომისკენ, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდასაც შეაფერხებს.