თბილისის ქუჩებში დღესაც ისმოდა პროტესტი ხმა – მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობით მივიდნენ.
„ხალხი ითხოვს სამართალს“ და „ხალხის ძალის გეშინოდეთ“ – ამ შეძახილებით დემონსტრანტებმა პროტესტის 78-ე დღესაც დაიკავეს რუსთაველის გამზირი.
მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ დემონსტრაციებისას დაკავებულ პირებს და ითხოვენ, როგორც მათ გათავისუფლებას, ისე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც იკრიბებიან და ითხოვენ, არხმა დაუთმოს დრო ხალხის პრობლემებს.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ კანონებს, რომლებიც უფლებადამცველთა ნაწილის შეფასებით რეპრესიულია, არ შეეგუებიან და არ გაჩერდებიან მოთხოვნების შესრულებამდე. მათი თქმით, სწორედ ქუჩის პროტესტია მნიშვნელოვანი, რათა საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
„არ გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა განათლება. თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის გვინდა მომავალი, ამიტომ ვდგავარ აქ“, – ასე აფასებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 70 წლის ავთანდილ წულაია საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
13 თებერვალს საპროტესტო აქცია გაიმართა უზენაეს სასამართლოსთანაც, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა მართლმსაჯულების სისტემა გააკრიტიკეს და მასში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, სასამართლო პოლიტიზებულია და ასრულებს „ქართული ოცნების“ ბრძანებებს.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებისას დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნით, დედაქალაქის გარდა, პროტესტი გრძელდება საქართველოს რეგიონებსა და სხვადასხვა ქალაქში – გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახმეტაში, ახალციხესა და თელავში.