მთავარისაქართველო„ვნუკოვოდან - ბაბუშერამდე” - წინასაარჩევნო რეისი

„ვნუკოვოდან – ბაბუშერამდე” – წინასაარჩევნო რეისი

მოსკოვიდან – ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიალაინერი ჩაფრინდა.   „ვნუკოვოდან” – “ბაბუშერამდე” –  ასეთი იყო საჩვენებელი რეისის მარშრუტი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ პირველად შესრულდა.

რუსული ავიაკომპანია “UVT Aero” ევროკავშირის შავ სიაშია. სოხუმის აეროპორტს კი არ ცნობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.”ICAO-სთვის” სოხუმი საქართველოა,შესაბამისად ფრენის ნებართვაც თბილისმა უნდა გასცეს.  სოხუმის აეროპორტს მან საერთაშორისო სტატუსი და კოდი 2006 წელს გაუუქმა. მოსკოვმა ტრადიციულ გამოსავალს მიმართა, აეროპორტს თვითნებურად მიანიჭა კოდი და როსტოვის საჰაერო ზონას დაუქვემდებარა.

“ამაზე ლაპარაკი სულ იყო, მაგრამ საუბრები რეალური გახდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. როდესაც რუსეთზე სანქციები დაწესდა და მან გვერდის ავლის გზების ძებნა დაიწყო. არსებობს სქემა : თურქეთიდან მოდის მანქანები, გაივლის საქართველოს – სამეგრელოდან ენგურით გადავა გალში. იქ კი უკვე არსებობს ტერმინალი, სადაც 5 დიდი მანქანის ერთდროულად დამუშავებაა შესაძლებელი. ყველაფერი დაფასოვდება რუსული ნორმებით და წავა რუსეთისკენ. ნაწილი კი, რაც სწრაფად უნდა გაიგზავნოს დარჩება აეროპორტში.მათი გადაზიდვა მოხდება თვითმფრინავით,სავარაუდოდ შორეულ მხარეებში, ციმბირში და ა.შ. ესაა სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს აეროპორტი კი ძირითადად სატვირთო ურთიერთობებს მოემსახურება. იქნება 1-2 რეისიც,თუმცა ეს არაა რენტაბელური სამგზავრო კუთხით. თუ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო დადგება, ეს აეროპორტი დაკარგავს ფუნქციას”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

არაღიარებულ რეგიონში განხორციელებულ არაღიარებულ ფრენას  თბილისში უხმაუროდ შეხვდნენ.

უკანონო ფრენაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია არავის “ქართული ოცნების” აღმასრულებელი შტოდან.  ევრონიუს ჯორჯიას საბოლოოდ პასუხი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

წერილობით პასუხში ვკითხულობთ:

“სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია ლეგიტიმურად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად და თანმიმდევრულად, უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან სოხუმის ე.წ. აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ. რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობა მუდმივად იდგეს დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხში, საქართველოს აქვს მყარი და უპირობო მხარდაჭერა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან”.

ბაბუშერას აეროპორტი, რომლის გახსნაც საოკუპაციო რეჟიმმა ნაადრევად იზეიმა, მძიმე წარსული აქვს. ბოლო თვითმფრინავი იქიდან 1993 წელს აფრინდა, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე.

მაშინ ალყაში მოქცეული ქალაქის ცაზე სამოქალაქო თვითმფრინავი რუსული სითბური რაკეტებით ჩამოაგდეს. ამან 137 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იყო ფრენა 2008-შიც, რუსეთ-საქართველოს მორიგი ომის დროს. მაშინ ბაბუშერას აეროპორტში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაჯდა.

“ნებისმიერი აეროდრომი,რა თქმა უნდა არის სამხედრო დანიშნულების. ამ წუთას ეს არ სჭირდებათ, მაგრამ ვიდრე რუსეთს ომი აქვს უკრაინაში, მას სჭირდება ყველა პოტენციური ტერიტორია სადაც შეიძლება განთავსდეს. გუდაუთაში არსებობს ბაზა, ამიტომ არ მგონია სოხუმის აეროპორტი ამ დანიშნულებით გამოიყენონ. ამ შემთხვევაში საუბარია ფულის კეთებაზე და ბიზნესზე. ასევე იმაზე, რომ რუსებმაც უფრო კომფორტულად იმგზავრონ”, -აღნიშნავს ანალიტიკოსი  ირაკლი ცქიტიშვილი.

უკანონო სამოქალაქო რეისი ოკუპირებულ სოხუმში საინტერესო იყო კიდევ ერთი გარემოებით. მის მგზავრებს შორის იყო ბადრა გუმბა, წარსულში ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი.

ის ბორტზე შემთხვევით არ მოხვედრილა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვმა გუმბასთვის მინიჭებული გარანტიებით, იქნება ეს ელექტრო ენერგიის მიწოდება თუ აეროპორტის მშენებლობა, აფხაზებს უთხრა, რომ სწორედ ისაა მათი კანდიდატი.

“ეს იყო “წინასაარჩევნო რეისი” – რადგან აეროპორტის მშენებლობა რეალურად ჯერ არ დასრულებულა.თუმცა აფხაზებს დაჰპირდნენ ზაფხულის ფრენებს -საუბარია 3 ავიაკომპანიაზეა.

შესაბამისად, ისინი უფრო მეტი რუსი ტურისტის მოლოდინში მხარს დაუჭერენ მათ კანდიდატს.თუ რამდენი რეისი იქნება და ვინ ჩამოვა – ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამ წუთას ეს საკითხი მიბმულია პირდაპირ არჩევნებთან”, -აღნიშნავს ევრონიუს ჯორჯიასთან ანალიტიკოსი ირაკლი ცქიტიშვილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 15 თებერვალსაა დანიშნული. მას საერთაშორისო სამართალი არ ცნობს, რადგან ნიკარაგუას, ნაურუს, ვენესუელასა და სირიის გარდა მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონია და მასში ჩატარებულ არჩევნებსა თუ ფრენებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია საფუძველშივე არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend