მთავარისაქართველომუდმივი ბრძოლა საცხოვრებლისთვის

მუდმივი ბრძოლა საცხოვრებლისთვის

12 თებერვალს დევნილები კიდევ ერთხელ მივიდნენ იქ, სადაც უკვე აღარც კი ახსოვთ, რამდენჯერ უთხოვიათ ერთადერთი რამ – სახლი… ორი საათის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს სიტყვით გამომსვლელები, ზუსტად იმ ადგილას, სადაც რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილმა თავი დაიწვა. ჰყვებოდნენ სად ცხოვრობენ, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ, რამდენჯერ ითხოვეს დახმარება და რამდენჯერ მიიღეს უარი.

„31 წელია ვცხოვრობ რკინიგზაში, დეპოში. არანაირი პირობები არ გვაქვს. კანალიზაციაც კი არ გვაქვს. შეშის ღუმელით ვთბებით. შენობა ავარიულია. არავინ გვეხმარება, იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს. ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ბინას. ხომ გვეკუთვნის ნორმალურ ბინა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც სხვა ხალხი ცხოვრობს. ნორმალურ ცხოვრებას ვითხოვთ“ – თქვა აფხაზეთიდან დევნილმა კლარა ფიფიამ.

მოქალაქეთა მისაღებიდან არავინ გამოხმაურებიათ. დევნილთა სააგენტოდან მათთან სალაპარაკოდ არავინ გამოსულა. არც დაუიმედებიათ და არც უარი უთქვამთ. შენობის მიღმა კი კარგა ხანს ისმოდა პროტესტის ხმა.

„ეს შენობა რეალურად არის უფუნქციო. ერთი ადამიანიც კი არ დგას აქ, იმ ტრაგედიის გათვალისწინებით, რაც აქ მოხდა. ერთი ადამიანიც არ ჩამოსულა და არ დამდგარა დევნილებთან ერთად“ – განაცხადა მსახიობმა, აფხაზეთიდან დევნილმა კახა კინწურაშვილმა.

თითქმის ყველა თაობის დევნილს ნახავდით აქციაზე – მათ, ვინც ომს გემით გამოასწრო, მათაც ვინც ჭუბერი ფეხით გადმოიარა და მათაც, ვისაც ეს ომი საერთოდაც არ ახსოვს, თუმცა შედეგები საკუთარ თავზე კარგად გამოცადა. ჩვენი თანამოქალაქეები წარმოუდგენელ, ღირსების შემლახავ პირობები ცხოვრობენ.

„საქართველოში დევნილობა გადაიქცა მუდმივ ბრძოლად საცხოვრებლისთვის. ეს ლოდინი კი არასდროს სრულდება. საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ჩვენი, დევნილების, ცხოვრების ნაწილად იქცა. ეს ოდესმე უნდა დასრულდეს. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ“ – თქვა აფხაზეთიდან დევნილმა ვახტანგ კვეკვესკირმა.

დევნილთა სააგენტოსთან დღეს პოლიციელების მობილიზება იყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე ფოტო და ვიდეოც გადაიღეს. ამის გამო ბევრი შიშობდა კიდეც, რომ აქ საპროტესტოდ შეკრება შესაძლოა ბინის მისაღებად საჭირო ქულების დაკარგვად დაუჯდეს ან სულაც მათი რიგი წლობით გახანგრძლივდეს…

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend