„საქართველოს მმართველობის ინდექსი 2024“-ის პრეზენტაცია გამართა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GGI)“. ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, კვლევითმა ორგანიზაციამ გასული წლის 10 თვის ანგარიში წარადგინა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მრავალი მიმართულებით შორდებოდა იმ სტანდარტებსა და მაჩვენებლებს, რომელიც თავად „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იქნა მიღწეული. მათ შორისაა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო და შიდა უსაფრთხოების საკითხები.
ორგანიზაციის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, წელს პირველად, ამ კვლევის ფარგლებში, ანგარიშში არ შეიტანეს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციები. მისიე თქმით, გამოკვეთილია რომ „ქართული ოცნების“ გუნდს არ აინტერესებს სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები და რეკომენდაციები.
პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას მიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მელინე არაკელიანმა. მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციაა და ქვეყანამ საგრძნობლად გადაუხვია ევროპულ კურსს, ნიდერლანდები რჩება ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მხარდამჭერად.
„ამ კვირაში „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებმა, ჩემს ქვეყანას „რადიკალი დონორი“ უწოდეს. არადა, ნიდერლანდები საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ხარჯავდა გადასახადების გადამხდელების ფულს. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ვხედავთ ძლიერ პოლარიზებულ და რთულ პოლიტიკურ გარემოს. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დავეხმაროთ სამოქალაქო ინსტიტუტებს დემოკრატიის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის. ნიდერლანდებმა მხარი დაუჭირა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და საჯარო მოხელეებს მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისთვის. საქართველო ახლა დგას ევროკავშირში წევრობის გზაზე. ძალიან ვწუხვარ, იმ დემოკრატიული უკუსვლის გამო, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი. იმედი მაქვს, საზოგადოება და პოლიტიკოსები იპოვიან გზას, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების ჩარჩოებში, რაც ამ ქვეყნის სწორი მომავლისთვის აუცილებელია. ნიდერლანდები მტკიცედ დარჩება მეგობარი და პარტნიორი ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის მომხრეა“, – განაცხადა ელჩმა.
აღნიშნულ კვლევას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ ყოველწლიურად ამზადებს და აქვეყნებს.