მზია ამაღლობელის ადვოკატები 13 თებერვალს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომლებიც ჟურნალისტის საქმეში არსებობს და ერთობლივი შეფასება წარადგინეს.
მათ თქვეს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემული საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და მოწმის სახით გამოკითხულთა შორის მხოლოდ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და მისი 6 კოლეგა არიან.
ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის სილის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა და ეტკინა.
„ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის დაზარალებულისა და ექვსი პოლიციელის ჩვენება – დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ სილის გაწვნის შემდეგ ტკივილი განიცადა და ჰქონდა შეწითლება ლოყისა და ყურის არეში, და ექვსი პოლიციელი, რომელიც დაზარალებულს უდასტურებს, რომ მას მართლაც ჰქონდა ლოყა გაწითლებული.
ბრალდებას არც უცდია, არც გამოუკითხავს რომელიმე მოწმე მანიფესტანტი, რითაც ასაბუთებდა აღკვეთის შუამდგომლობას. არ გამოუკითხავს არცერთი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი. მათ ინტერესში არ შედის. მთელი ბრალდება დგას ამ ექვსი პოლიციელის ჩვენებაზე. ანუ, ბრალდებას აქვს დაზარალებულის და ექვსი პოლიციელის ჩვენება. ჩვენ შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარვუდგენთ მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც საქმეში ასევე ახალი გარემოებაა“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მოთხოვნა დაასახელეს:
ისინი მოითხოვენ სასამართლომ უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი, პროკურატურამ კი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ბრალდების საქმე და მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი მიანიჭოს. დაიწყოს სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე უკანონო დაკავებებსა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობდა.
გარდა ამისა, უფლებადამცველები მოითხოვენ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
მზია ამაღლობელი უკვე 32 დღეა შიმშილობს და როგორც ექიმი ამბობს, ყოველი დღე არის დიდი რისკი იმისა, რომ მდგომარეობა ძალიან გართულდეს. 32 დღეა მთელ ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ უცვლელად ისმის პროტესტის ხმა: თავისუფლება მზია ამაღლობელს!