ცემა, გაუპატიურების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა – ასეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა საბა სხვიტარიძემ.
საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი. 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გაიმართა. პროცესზე მან განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ოთხი ნიღბიანი პირი თავისა და გვერდების არეში გამეტებით ურტყამდა და თითქმის უგონოდ მყოფისთვის ხელის მოტეხას ცდილობდა. თქვა ისიც, რომ განყოფილებაში მიყვანამდე და მას შემდეგაც, მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
„რაზეც საბამ ისაუბრა, ჩაინიშნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. მათ შორის, მითითებულია იმ სავარაუდო პირებზე, რომლებმაც იძალადეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უკვე აქტიურად დაიწყებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმედი საფუძვლიანი არ არის, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში დღემდე არცერთი დამნაშავე მოძალადე პოლიციელი არ არის დასჯილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება არსებობს, არა მარტო მოწმეების, არამედ ვიდეო მტკიცებულების სახითაც. სანამ ყველა ამ საქმეზე არ დაიწყებენ გამოძიებას, ჩვენ გონივრული მოლოდინი ვერ გვექნება, რომ მაინცდამაინც საბას შემთხვევაში მოიქცევიან ასე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბა სხვიტარიძე დაზარალებულადაა ცნობილი. ვგულისხმობ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა, საბა სხვიტარიძის ადვოკატმა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. მუხლი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს საღამოს საათებში თბილისში, სასტუმრო „მერიოტის” მიმდებარედ, პოლიციელს ხელკეტით დაესხა თავს.
11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული რამდენიმე პირის პროცესები გაიმართა. დილიდან სასამართლომ თედო აბრამოვის, საბა ჯიქიასა და დავით ხომერიკის საქმეებიც განიხილა.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა აქციაზე მიმავალი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვასა ან ტარებას გულისხმობს.
ადვოკატი საუბრობს, რომ პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს თედო აბრამოვის უფლებები დაირღვა და ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს ვიდეომასალა, რომელიც ობიექტურ ვითარებას უჩვენებდა. ამაზე პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებისას თედო აბრამოვმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ამის გამო ვერ მოხერხდა ვიდეოს გადაღება.
დღესვე გაიმართა 18 წლის საბა ჯიქიას სასამართლო პროცესიც. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან.
სასამართლომ განიხილა დავით ხომერიკის საქმეც. მას პროკურატურა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაცვის მხარეს მოუსმინა.
„ერთი მტკიცებულებაც არ გვაქვს იმისთვის, რომ დავით ხომერიკი ნამდვილად იმყოფებოდა პარლამენტთან. ასევე არ გვაქვს ერთი ფოტოც კი, რომ დავითი სავარაუდო ძალადობრივ ქმედებას ჩადიოდა. პრობლემურია ისიც, რომ თავდაპირველად დავით ხომერიკი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასე რომ, სისხლის სამართლებრივი ჩხრეკა თავისი დანაწესებით დავით ხომერიკის შემთხვევაში არ ჩატარებულა. საქმეში არ გვაქვს ნეიტრალური მტკიცებულება იმაზე, თუ როგორ გაჩხრიკეს, მაგალითად, ვიდეო. საქმეშია მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავი, როგორც მოწმის ჩვენება და არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება. ასევე მინდა დავამატო, რომ მასზე იძალადეს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად“, – განაცხადა დავით ხომერიკის ადვოკატმა ანი გახოკიძემ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ხომერიკსა და საბა ჯიქიას 7 წლამდე, საბა სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე, თედო აბრამოვს კი, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.