შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, პროევროპული საპროტესტო აქციების 75-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 6 პირი დააკავა.
აქციის 2 მონაწილე უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მათგან ერთ-ერთი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
პარლამენტის მიმდებარედ დაკავებულთა შორისაა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის მამაც.
რაც შეეხება საქმის წარმოებას – ძალოვანი სტრუქტურის თანახმად, ოთხ დაკავებულ პირს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას ედავებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების 75-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ და ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებდნენ, გადაენაცვლათ პარლამენტის წინ არსებულ ტროტუარზე. სამართალდამცველთა შეფასებით, რუსთაველის გამზირის გადასაკეტად მოქალაქეთა რაოდენობა არასაკმარისი იყო.