პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
მან შეაფასა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადება და თქვა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს სცენარი „კარგადაა ნაცნობი“.
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საკრებულოები, მერები არიან 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ „მაიდნის” სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა.
არც მაიდანი მოხდება საქართველოში და არც უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოჰყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ „მაიდნის” გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
11 თებერვალს ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროში მიაჩნიათ, რომ „პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს“.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 11 თებერვალს დაიწყო. ის ესწრება მსოფლიო მთავრობათა სამიტს, სადაც უკვე გამოვიდა სიტყვით.
„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიმართვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა იყო განხილვის მთავარი თემა ირაკლი კობახიძესა და ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შორის.
„ისაუბრეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია“, – წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.