მთავარისაქართველოოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. მისი განცხადებით, აფხაზებს ახლა ყოფნა-არყოფნის ურთულესი გამოწვევა აქვთ. მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილე 5 კანდიდატიდან ორს აქვს გამარჯვების შანსი. ე.წ. სახელისუფლებო და ე.წ. ოპოზიციურ კანდიდატებს.

„საუბარია იმაზე, თუ რა მოხდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგად,  რასთან გვაქვს საქმე, რა შეიცვალა ბჟანიას გადაგდების შემდეგ…  პრინციპში არაფერი შეცვლილა. იმდენად,  რამდენადაც ყველა პრობლემა,  რამაც ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, დღემდე რჩება და  არჩევნების შემდეგაც  დარჩება.

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩიხში ექცევა: ის ან რუსეთის წინადადებას უნდა დაეთანხმოს ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების საკითხზე, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედიაა”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. საერთაშორისო აეროპორტის განახლებაზე და თქვა, რომ ეს ობიექტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო დანიშნულებასაც შეასრულებს.


.

„აპარტამენტების აშენების გეგმა რომ განხორციელდეს,  ამას  აფხაზეთში დიდი რაოდენობით  რუსების ჩამოყვანა და იქ დასახლება მოჰყვება, ზუსტად ასევე ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს  არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო  აეროპორტიცაა. შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ დაუშვებენ. ეს იქნება მთლიანად რუსული აეროპორტი, არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო. უკრაინელებს უკვე შეუძლიათ, სოჭს მისწვდნენ, როსტოვში ფაქტობრივად, აეროპორტი არ ფუნქციონირებს,  ამ პირობებში სოხუმის აეროპორტი ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი,  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამ საკითხს, დარწმუნებული ვარ,  არა მარტო ჩვენი ხელისუფლება  მიაქცევს  დიდ  ყურადღებას  და აქცევს კიდეც, არამედ ამას საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატომ  ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ომი დამთავრდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო  ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი საწინააღმდეგო ავიაცია მათ გუდაუთაში ისედაც ჰყავთ. ასე რომ, აქ  სერიოზული სამხედრო ბაზა იქნება”, – განაცხადა გამახარიამ.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს არის დანიშნული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend