მთავარისაქართველო„ფედერალისტები“ დემონსტრანტებზე ძალადობაში მხილებულ პირთა სიას სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ

„ფედერალისტები“ დემონსტრანტებზე ძალადობაში მხილებულ პირთა სიას სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ

პოლიტიკურმა გაერთიანება „ფედერალისტებმა“ და უფლებადამცველმა და კვლევითმა ორგანიზაციამ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ ისაუბრეს იმ პირთა სიაზე, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების აღსრულებაში არიან ჩართული.

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, განცხადებით, ეს სია გადაეცემა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ მოკავშირემდე მივიდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ამ დროის განმავლობაში მოვაგროვეთ ინფორმაცია 57 მსხვერპლის საქმეში ჩართული 22 მოსამართლის, 14 პროკურორისა და 91 პოლიციელის შესახებ. ესენი არიან თანამდებობის პირები, რიგითები, რომლებიც ასრულებენ რეჟიმის უკანონო დავალებებს და სისტემატურად არღვევენ პროტესტის მონაწილეების უფლებებს, მათი დაკავებისას თუ ჩხრეკისას. ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც ჩვენ შეგვიძლია რეჟიმის ცვლილებამდე მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] დაუწესონ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები. ასევე ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ პროტესტი, რადგან სწორედ პროტესტი ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ფედერალისტები“ მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა მოქალაქეთა უფლებების შელახვაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაუწესონ, ხოლო პარალელურად, ქუჩის პროტესტი გაგრძელდეს. ამ მოსაზრებას იზიარებს ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი სალომე ხვადაგიანიც.

„სისხლის სამართლებრივი საქმეები მეტ-ნაკლებად სრულად გვაქვს დოკუმენტირებული, თუმცა ადმინისტრაციული საქმეები ეხება ძალიან ბევრ პირს. შესაბამისად, მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შეგეხოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, მოგვაწოდოთ ჩვენ, „თავისუფლების ინსტიტუტს“ ან „ფედერალისტებს“, თქვენს საქმეში არსებული დოკუმენტები, ან/და მიაწოდოთ ისინი სხვა ორგანიზაციას, რომელიც ასევე აგროვებს ამ ფაქტებს. თუ თქვენ მოგეპოვებათ ინფორმაცია ძალადობაში ჩართული პოლიციელის შესახებ და დოკუმენტურად გაქვთ იდენტიფიცირებული ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ, ესეც მოგვაწოდოთ და ესეც მოხვდება [საქართველოს მეხუთე] პრეზიდენტთან“, – განაცხადა „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა.

მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია 14 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვლის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

წლევანდელ კონფერენციაში საქართველო ოფიციალურად მონაწილეობას არ იღებს, რის მიზეზსაც მთავრობის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს. მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამართავს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გარდა ქვეყანას არც იანვარში გამართულ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიუღია მონაწილეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend