თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ ეთანხმება შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას პალესტინელების გადასახლების შესახებ. მისი თქმით, ღაზის რეკონსტრუქციის თანხა ისრაელმა უნდა გადაიხადოს.
„ჩვენ სერიოზულად არც კი განვიხილავთ პალესტინელების გადასახლების წინადადებას იმ მიწებიდან, რომლებზეც ისინი ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანი ამჟამად ოთხდღიანი ტურის ფარგლებში მალაიზიაში იმყოფება, ვიზიტი იგეგმება ინდონეზიასა და პაკისტანშიც.
პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომს ღაზის სექტორისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვა და ისრაელის მთავრობამ ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.
„ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ სხვა ადგილი პალესტინელებისთვის, რომლებმაც არ დატოვეს მიწები, 15-თვიანი ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, ნეთანიაჰუმ უნდა მოიძიოს რესურსები ღაზის სექტორისთვის მიყენებული 100 მილიარდი დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად“, – ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორი ამერიკის ჯარმა უნდა დაიკავოს, 2 მილიონი პალესტინელი კი ეგვიპტეში ან იორდანიაში უნდა გადავიდეს.