საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ფინანსურ დახმარებაზე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს თანხები ძირითადად „საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობასა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას“ ხმარდებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოზიცია თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, ისე გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც გადახედვის საფუძვლად მოცემული იყო, რომ ეს თანხები სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯული ფული.
რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩართული არიან, აქაც უკვე დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ აქაც შეიძლება ზუსტად იგივე მავნე მიზნები ყოფილიყო, როგორიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა საელჩოებისა თუ დონორების მხრიდან, მცდელობა, რომ არც კი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობითა და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მითუმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც და ევროპული ფონდებიც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ, მოიქცევიან ისე, როგორც ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იქცევა.