საპროტესტო აქციების ფარგლებში სერბეთში სტუდენტების ჯგუფმა ქალაქ კრაგუევაციდან სერბეთის დედაქალაქამდე საპროტესტო გარბენი მოაწყვეს.
მარათონის ბოლოს მათ ბელგრადში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მყოფი ათასობით დემონსტრანტი შეეგება. დემონსტრანტები სტუდენტებს სიმბოლური მედლებით დახვდნენ.
„მინდა, რომ ყველა საპროტესტო აქციაზე უფრო მეტი ხალხი გამოვიდეს. არ უნდა გავჩერდეთ. ყველას, ვინც სახლში ზის, მოვუწოდებ საპროტესტო აქციებს შემოუერთდეს, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია ამ ქვეყანაში რამე შევცვალოთ. გახარებული ვარ ჩვენი კოლეგების გამო, რომლებიც ასე თავდადებულნი არიან და ამხელა მანძილი ირბინეს. მოხარული ვარ, რომ ამაღამ აქ ასეთი დიდი რაოდენობით ვართ”, – ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი, დორდი კარანოვიჩი.
სერბეთის ქალაქ ნოვი–სადში მატარებლის სადგურზე ბეტონის საფარის ჩამონგრევიდან 100 დღის შემდეგ, რასაც უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, უნივერსიტეტების გაფიცულმა სტუდენტებმა დღისით ბელგრადში მდინარე სავაზე გამავალი ხიდი 7 საათის განმავლობაში გადაკეტეს.
პარალელურად, დემონსტრანტებმა ქალაქ ნოვი–სადში მთავარი გზები გადაკეტეს სამი საათით, ხოლო ქალაქ ნისის შესასვლელთან სტუდენტებმა მაგისტრალზე გადასახადის პუნქტი ჩაკეტეს.
გზების მასშტაბური ჩაკეტვა იმ საპროტესტო კამპანიის ნაწილია, რომელსაც გაფიცული სტუდენტები უძღვებიან. ისინი აპროტესტებენ ნოვი–სადის მატარებლის სადგურზე 1 ნოემბერს მომხდარ კატასტროფას, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სერბეთის მთავრობას კორუფციაში სდებენ ბრალს.
საპროტესტო აქციების შედეგად სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. სერბეთის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან მუშაობაში ადანაშაულებს.
ალექსანდარ ვუჩიჩმა პირობა დადო, რომ სერბეთში „ფერად რევოლუციის” მცდელობას არ დაუშვებს.