პროტესტის 75-ე დღეს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები. საქართველოს პარლამენტთან დემონსტრანტები რამდენიმე მსვლელობით მივიდნენ. საპოლიციო ძალების ორსაათიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები ე.წ. „ცოცხალი ჯაჭვის“ მეშვეობით მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ტროტუარზე საკმარისი ადგილი არ იყო და გზის სავალი ნაწილი უნდა დაეკავებინათ, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
„ყოველდღე ცდილობენ თქვან, რომ ცოტა ხალხია, ვეღარ შეიკრიბნენ და ამით საკუთარი თავი გაიმართლონ. როცა ტროტუარზე არ არის საკმარისი ადგილი, სად უნდა გადავიწიოთ? ხომ შეიძლება პირიქით, უზრუნველყონ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება?“ – განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ლიპარიშვილმა.
პოლიციის წინააღმდეგობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ე.წ. „დაკავების მანქანები“ გამოჩნდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამართალდამცველები ხმის გამაძლიერებლით მიმართავდნენ, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და გადასულიყვნენ პარლამენტის წინ არსებულ ტროტუარზე. ადგილზე ვითარებას პირადად აკონტროლებდა საპატრულო პოლიციის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილი.
მოგვიანებით, აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ მთავარი მოთხოვნების შესრულებამდე, მოთხოვნები კი უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლება.
„მთელი ქვეყანა აბსურდულ ფილმში ვართ. გვეჭიდაონ, დაგვაშინონ, გვცემონ, დაგვიჭირონ, მაგრამ ეს ხალხი არ გაჩერდება“, – თქვა მსახიობმა სანდრო სამხარაძემ აქციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური ცნობა, რამდენი მოქალაქე დააკავეს 10 თებერვლის ღამეს რუსთაველზე.