ევროპის ულტრამემარჯვენე და პოპულისტური პარტიების კოალიციის ლიდერები პარასკევს, 7 თებერვალს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შეიკრიბნენ.
სამიტს ესწრებოდნენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი და იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი.
ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტში ქმნიან მესამე დიდ კოალიციას, რომლის თავმჯდომარეც ესპანელი პოლიტიკოსი და პარტიის ლიდერი სანტიაგო აბასკალია.
შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ბრიუსელზე მათი გავლენის გაზრდაა. პარტიების ლიდერებმა ისაუბრეს ევროპის თანამედროვე გამოწვევებზე და, აგრეთვე, დადებითად შეაფასეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დღის წესრიგი.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ვიქტორ ორბანიც, რომლის თქმითაც, ევროკავშირის კეთილდღეობისთვის მთავარი საფრთხე ბრიუსელის მიერ დაწესებული რეგულაციები და უკანონო მიგრაციაა და არა დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მუქარა.
„ბრიუსელის გამო ეკონომიკა იძირება, ჩვენი ფული კი უიმედო ომის დასაფინანსებლად უკრაინაში იგზავნება. ბრიუსელის გამო ემიგრანტები ევროპაში უკანონოდ იჭრებიან. მათ შემოსასვლელად საზღვრები ბრიუსელმა გახსნა“, – ამბობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
იტალიის ვიცე-პრემიერი შეეხო გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ ესაა ისტორიული შესაძლებლობა ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შეცვალოს გერმანიის მომავალი.
„თებერვალში გერმანელები არჩევნებში ხმას მისცემენ და ეს იქნება ისტორიული შესაძლებლობა ცვლილებებისთვის. ომის შემდეგ ევროპის ძრავა გაჩერდა, რადგან გერმანიასა და ევროკავშირს მართავს მემარცხენეებისა და „მწვანეების“ სასიკვდილო ნაზავი. წარმოიდგინეთ, გუშინ ოლაფ შოლცმა, გენიალურმა შოლცმა, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს დახურვის პირას მყოფი ქარხნების გადარჩენაზე, გრენლანდიის დასაცავად ნატოს ჯარების გაგზავნა მოითხოვა. ვიმედოვნებ, რომ გერმანელი ამომრჩეველი მას 23 თებერვალს გრენლანდიაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს მისცემს“, – ამბობს მატეო სალვინი, იტალიის ვიცე-პრემიერი.
ულტრამემარჯვენეების სამიტზე ჩანდა ბანერიც წარწერით – „გავხადოთ ევროპა კვლავ დიდებული“.