მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და მისმა მთავარმა მეტოქემ, ფრიდრიხ მერცმა დებატები გამართეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და მისმა მთავარმა მეტოქემ, ფრიდრიხ მერცმა დებატები გამართეს

გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების წინ გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, დებატები გამართეს.

წინასწარი გამოკითხვებით, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ხმათა 30%-ს მიიღებს და პირველ ადგილს დაიკავებს, ხოლო მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ხმათა 15%-ით მესამე ადგილზე გავა.

დებატებზე პოლიტიკოსებმა ისაუბრეს გერმანიის ეკონომიკის სტაგნაციაზე, უკანონო მიგრაციასა და ევროკავშირის ერთიანობის საკითხებზე. აგრეთვე, ისინი შეეხნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ.

„ეს სკანდალია. გარდა ამისა, საშინელი ინიციატივაა, რადგან ვხედავთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ღაზისთვის ეს ომი წარმოუდგენლად დამანგრეველი იყო. ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობებისა და მრავალი ადამიანის აზრს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ პალესტინელთა გადასახლება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – ამბობს ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი.

ოლაფ შოლცის მოსაზრება გაიზიარა მისმა მთავარმა კონკურენტმა ფრიდრიხ მერცმაც.

„ვიზიარებ ოლაფ შოლცის შეფასებას, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია იმ განცხადებებიდან, რომლებსაც ამერიკის ადმინისტრაცია აკეთებს და ისინი ნამდვილად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, უნდა გაირკვეს, ამის შესახებ სერიოზულად განაცხადა თუ არა და როგორ აპირებენ მის განხორციელებას – ამის უკან, ალბათ, ბევრს საუბრობენ“, – ამბობს ფრიდრიხ მერცი, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.

დებატებზე ისაუბრეს დონალდ ტრამპის იმ განცხადებაზეც, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი.

ფრიდრიხ მერცის თქმით, ეს განცხადება სრულიად ლოგიკურია და ამაზე სასაუბრო არაფერია, თუმცა, ოლაფ შოლცის აზრით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, რომელ კატეგორიას განაკუთვნებენ თავს.

„ვფიქრობ ეს უადგილოა. ყველა ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი იმ ფორმით, რა ფორმითაც სურს. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანებს არ სურთ კატეგორიზაცია, მაშინ მათ უნდა მიეცეთ ამის უფლება. ეს არაა ჩვენი საქმე. არ მინდა, ვიცხოვრო სამყაროში, სადაც ჩვენ შეუძლებელს გავხდით იმას, რაც სხვას აბედნიერებს“, – ამბობს ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი.

უკანონო მიგრაციაზე საუბრისას ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ასობით ათასი ადამიანის უკანონოდ შემოჭრის ფაქტზე. ოლაფ შოლცი ოპონენტის აზრს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ 2024 წელს უკანონო მიგრაციის შემთხვევები შემცირდა.

„საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება. სწორედ ამიტომ მე, მოქალაქეთა უმრავლესობასთან ერთად, მომხრე ვარ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი მიდგომის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გერმანიაში სასაზღვრო კონტროლის უზრუნველსაყოფად 40 000 მიგრანტს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ამით ჩვენ უკანონო მიგრაციის აღკვეთის შემთხვევები 100 000-ამდე გავზარდეთ. 2024 წელს გვქონდა თავშესაფრის მთხოვნელთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც კანცლერი გავხდი, დეპორტირებულ ემიგრანტთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. რადგანაც მერცი ამაზე საუბრობს, ვიტყვი, რომ ამ კურსს გავაგრძელებ კიდევ უფრო მკაცრი კანონებით, რომლებიც შევათანხმე მთავრობასთან და ბუნდესტაგში წარვადგენ“, – ამბობს ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი.

„გერმანიის მთავრობა უმოქმედოდ არ ყოფილა, თუმცა რაც გააკეთა, არასაკმარისია. მე ამას ისე ვუყურებ, როგორც არის. ოლაფ შოლცის სიტყვები გაზვიადებულია. ბატონო შოლც, ჩვენ ჯერ კიდევ ვიღებთ იმაზე მეტ მიგრანტს ოთხ დღეში, ვიდრე ვუშვებთ უკან ერთ თვეში. შარშან გვყავდა 240 000 მიგრანტი. თქვენი კანცლერობის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ორი მილიონი მიგრანტი უკანონოდ შემოვიდა. მარტივად რომ მიხვდეთ, ეს ქალაქ ჰამბურგის მოსახლეობაზე მეტია და ოთხჯერ მეტია ნიურნბერგის მოსახლეობაზე“, – ამბობს ფრიდრიხ მერცი.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა და გერმანიის პრეზიდენტი იძულებული გახდა, თებერვლის ბოლოს ვადამდელი არჩევნები 7 თვით ადრე დაენიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend