მთავარისაქართველოდევნილი ქალის პროტესტი

დევნილი ქალის პროტესტი

აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა თბილისის ზღვასთან ახლოს, ყოფილი ტურბაზის დევნილთა დასახლებაში, ცხოვრობს.

„70 წლისა ვარ, მადლენა ჩილაჩავა პასპორტით, თორემ მადლენად მე აქ არავინ მიცნობს, მე ვარ აზა. გაგრიდან ვარ”.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ყოველ საღამოს გარეუბნიდან ცენტრში ავტობუსით მიდის, სახლში კი გვიან ღამით, ბოლო რეისით ბრუნდება.

მშობლიური გაგრა 1992 წელს 6 წლის შვილსა და დედასთან ერთად დატოვა.

70 წლის დევნილს ბანერით ხელში რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროსა თუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ძალიან ხშირად შეხვდებით.

„ეს დღევანდელი დაწერილი მაქვს, რომ გავიტანო და ყველას ვანახო. ყველას, რომ მიხვდნენ, არ დგანან სწორ მხარეს. გული მწყდება ბევრზე. ჰოდა, მიჭირავს, შეიძლება მიხვდნენ, რა ვიცი… ბევრი წარწერა მიჭირავს-ხოლმე. ბევრი რაღაც მაქვს.

ხომ გახსოვთ, ლაივში რომ უნდა ყოფილიყო გასვლა, 3 წუთით (მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად), მე არავინ მყავდა, რომ გადაეღო და ჩემით გავედი. გაჩერებაზე დავდექი და ვიღაც მძღოლმა წყლით სავსე ბოთლი მესროლა – ფუ, შენიო… უკან მანქანა რომ მოჰყვებოდა, იმან მოაბრუნა, მოვიდა ჩემთან, მითხრა: ბებო, ვხედავდი, როგორ გესროლეს ბოთლი, გულმა არ გამიძლო და მოვედი, შეიძლება რომ მოგეხვიო? როგორა არა ბებო-მეთქი ვუთხარი. ჩამეხუტა ორჯერ. შევეცოდე ალბათ…

ზოგი მისიგნალებდა, მხარს მიჭერდა, უხაროდათ, მაგრამ იყვნენ აგრესიულებიც, მომაფურთხეს, ბოთლი მესროლეს… 70 წლისა ვარ ბებო და ასე დავრბივარ…

29 იანვარს პოლიციელების ფეხქვეშაც მოვხვდი, უბრალოდ ზემოთ ავდიოდით, ბევრიც არ ვიდექით, 50 კაცი ალბათ, გავიხედე და ჯერ პოლიციელები მოვიდნენ, ჩვენზე მეტი, მერე ნიღბიანებიც. ალბათ, ხალხის დაჭერა უნდოდათ, არაფერს ვაშავებდით. რომ დაიწყეს გატაცება, ვიფიქრე, ამათ როგორ გავატანო ეს ახალგაზრდა, მეც ზემოდან დავეცი, მაგრამ გადამაგდეს. მომისროლეს და რომ დავეცი, პოლიციის ფეხებში აღმოვჩნდი. სამი დღე ვიწექი ამის მერე, ვერ გავედი. ბოლოში ვინც იდგა, იმან კი ამაყენა, მაგრამ მერე ძალიან ცუდად ვიყავი. ჩაწოლილი ვიყავი და მერე ისევ ავდექი და აქციაზე გავედი”, – ჰყვება აზა ჩილაჩავა.

წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ჯერ ბავშვს, შემდეგ მოხუცებს უვლიდა. პატარა ნახევარსარდაფის შეძენა და მოწყობა ყოველდღიური მძიმე შრომის ფასად შეძლო.

პაწაწინა ოთახში, რომელიც იმდენად ვიწროა, რომ მატარებლის ვაგონს წააგავს, აზას სამზარეულო და საძინებელი აქვს მოწყობილი. აფხაზეთიდან დევნილი ტრადიციული ყავით გვიმასპინძლდება, თან მშობლიური გაგრის დატოვებას იხსენებს.

„გაგრის აღება იყო საშინელება, უცბად გაირბინეს, ერთი ტანკით. უნდა წავსულიყავით და ვერ მოვასწარით… ბინიდან ვიღაც ქართველმა ქალმა დამიძახა, ტყვიები მოდიოდა უკვე: რას შვრებით, შემოდით ჩვენთანო. საერთოდ არ ვიცნობდით, უცხო ხალხმა შეგვიფარა, მოდიოდა უკვე ტყვიები. საზღვარზე უნდა მიმესწრო, მაგრამ ვერ მივასწარი… პატარა იყო მაშინ ჩემი გოგო, 6 წლის, ჰოდა, შევეცოდეთ, მოკვდებითო.

მერე დილით გაჭირვებული ჩვენი ბიჭები ეყარნენ ყველგან, დახოცილები… სად წავიდოდით? ისევ უკან სახლში დავბრუნდით. დახოცილებს სინჯავდნენ ფეხით და ერთი ყოფილა ცოცხალი, წამოხტა, დაიჩოქა, ხელები აუწია, მაგრამ დაახალეს რამდენი ჯერი…

სახლისკენ მიმავალს ჩემი ამხანაგი სომეხი გოგო შემხვდა და იმედი მომეცა. მარტო ბავშვთან ერთად მეშინოდა. ხიდს რომ მივუახლოვდით, ეს გოგო მეუბნება: აზა, რაღაცა რომ იქნეს, შენ რომ დაგხვრიტონ, დედაშენი რომ დახვრიტონ, მანანას მე მოვუვლიო… როგორია ამას რომ გეტყვიან?! 6 წლის იყო ბავშვი”, – ჰყვება დევნილი.

აზა იხსენებს, როგორ დაკრძალა გაგრაში სანაპიროზე მიტოვებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი, რომლის ვინაობის გარკვევაც ვერაფრით შეძლო.

„ქართველს რომ ვინმე მარხავდა, ზედ აკლავდნენ… (დაღუპულს) ხელზე ინიციალები ჰქონდა – გ.ს. მე არ ვიცი, ვინ იყო… იქნებ პატრონი ჰყავდეს და გაიგოს, რომ დამარხული მყავს ზღვის პირზე, სადაც მე ვცხოვრობდი. არ ამომდის გულიდან ეს ჯავრი, რომ პატრონმა არ იცის, იქნებ ცოცხალი ჰგონია…”

ოკუპირებულ გაგრაში დედასა და 6 წლის შვილთან ერთად სამი თვე გაატარა. საბოლოოდ აფხაზი მეზობლის დახმარებით გამოაღწიეს. სოჭიდან ბათუმში გემით ჩამოვიდნენ. დევნილობის პირველი წლები წყალტუბოში უმძიმეს პირობებში გაატარეს.

„ძალიან ვწვალობდით, „მეშოკებით“ ვათრევდი შაქარს და ვყიდდი, მეოთხე სართულზე უნდა ამეტანა მე თვითონ. მაშინაც ასეთი პატარა ვიყავი, სულ ასეთი ვიყავი – გალეული…

ბევრი არაა დევნილი, იფორმებს თავს დევნილად და იმისთანებს მისცეს ბინები და მე რამდენჯერ მაქვს დაწერილი განცხადება… უკვე აღარ მინდა წერა… უსამართლობაა. არავინ გვაქცევს ყურადღებას, როცა იქნება, იქნება, ასე ვიძახი…  სტუმარი რომ მოვიდეს ვინმე, ხომ ხედავთ, ორი კაცის ადგილიც არ მაქვს, რომ პატივი ვცე. ბევრს უნდა ამოსვლა, მაგრამ ერიდება.

ერთი ბინა მაღირსონ… დედაც ამას ნატრობდა, რომ დავუტოვოო, ახლა მე მაქვს სანატრელი, რომ შვილს დავუტოვო… რატომ უნდა დაიკარგოს, რაც ნაშრომი მქონდა იქ?”

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, საღამოს, ათამდე ბანერიდან ერთ-ერთს ამოარჩევს, თბილად ჩაიცვამს და ისევ დემონსტრაციაზე წავა.

„ცოტა ხანში მოვემზადები და წავალ. (მეზობლებმა) იციან, რომ მივდივარ, დამცინიან, მაგრამ რას იზამ?

-რა ომი გინდაო? – იძახიან. მე კი გული მწყდება… ომი რად მინდა? მე უკეთესი ცხოვრება მინდა… რუსეთი არ მინდა, რუსეთისგან მე ძალიან ცუდად ვარ… ამიტომაა, ყოველდღე რომ დავდივარ…”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend