„აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია” – ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი დღეს, 10 თებერვალს, მოინახულეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალსა და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს.
აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ 2 თებერვალს აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას უკვე უჭირს საუბარი და ეტლით გადაადგილდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება გახდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს სახალხო დამცველს, „შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესი“. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს ანრი ოხანაშვილსაც და მოუწოდებს, „მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს“.
„აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი”, – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.