„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ და მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ნონა ქურდოვანიძემ პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ჟურნალისტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის პოზიცია კვლავ უცვლელია – ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება სურს.
„ის სრულ შიმშილობას აგრძელებს და „ვივამედში“ რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ უკან ციხეში დააბრუნონ. თუ ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მისი პოზიციაა, რომ ის აქ აღარ დატოვონ და უკან ციხეში გადაიყვანონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული“, – თქვა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
.
ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თავს სუსტად, თუმცა გასულ დღეებთან შედარებით უკეთ გრძნობს.
„რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი 30-დღიანი შიმშილობის ფონზე ფიზიკურად სუსტად არის, თუმცა მზია ამბობს, რომ შედარებით უფრო უკეთ არის, ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის წინ იყო. გადაწყვეტილება [მის საპატიმროში დაბრუნებასთან დაკავშირებით] უნდა იყოს მიღებული სამედიცინო ანალიზებზე დაყრდნობით და არა უბრალოდ, მისი სურვილით. მზია ამაღლობელი ფიზიკურად გადაადგილდება, ის ჩვეულებრივ საუბრობს და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვს”, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
საიას თავმჯდომარის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე უფლებადამცველი ორგანიზაცია უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს გაგზავნის.
გამოცემების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროტესტის ნიშნად მან დაკავების დღიდან სრული შიმშილობა გამოაცხადა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტის სარჩელი დაუშვებლად ცნო და ის პატიმრობაში დატოვა.
4 თებერვალს მზია ამაღლობელი პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. 6 თებერვალს კი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისთვის სახალხო დამცველმა მოიწვია ოთხი მედიკოსისგან შემდგარი კონსილიუმი, რომელმაც მზია ამაღლობელი 7 თებერვალს მოინახულა და მის სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო.