მთავარიგადაცემებიThe Europe Conversationრამდენად შეძლებს ევროკავშირი გაფართოების შეჩერებული პროცესის განახლებას?

რამდენად შეძლებს ევროკავშირი გაფართოების შეჩერებული პროცესის განახლებას?

ევროკავშირის გაფართოების პოლიტკა ხშირად  ყველაზე ეფექტურ მიმართულებად ითვლება ევროკავშირის საგარეო პოლიტკაში. თუმცა 2004 წლის შემდეგ, როდესაც ყველაზე მეტი ახალი წევრი მიიღეს გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ეს პროცესი  შეჩერდა. ევრონიუსის მოდერატორობით დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა დიკუსია, თუ როგორ შეიძლება გამოცოცხლდეს გაფართოების პოლიტიკა. დებატებს „ევრონიუსის“ კორესპონდენტი საშა ვაკულინა უწვედა მოდერატორობას და  მასში მონაწილეობა მიიღეს ხორვატიისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმა, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“: „ევროკომისარო, მინდა პირველი კითხვა თქვენ დაგისვათ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაჩნდა განცდა, რომ სასწრაფოდ უნდა განახლდეს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო ხშირად ხვდებიან იმ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯერ კიდევ კართან დგანან. ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებები თითქმის ათ წელზე მეტია, შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაწევრებასთან დაკავშირებული პირობები და პროცესი იგივეა. მაინც რა შეიცვალა ევროკავშირში, რის გამოც ასე გართულდა მიღება? თქვენ ხომ ახლა აპირებთ ჩაიბაროთ ეს საკითხი.“

მარტა კოსიევროკომისარი გაფართოების საკითხებში:  „მას შემდეგ რაც ათი ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს 2004 წელს, მოგვიანებით კი შევიდნენ ბულგარეთი, რუმინეთი და ბოლოს 2013 წელს   ხორვატია, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. ამავე დროს გაჩნდა შეხედულება, რომ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის შიდა საკითხებში ჩაღრმავება და მათზე ზრუნვა, რათა ის პრობლემები მოეგვარებინათ, რომლებიც იმ დროს გაჩნდა. ეს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის კანონის უზენაესობის საკითხი. ევროკავშირის შიგნით არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ იცავენ კანონის უზენაესობას. და ბევრ წევრ სახელმწიფოს გაუჩნდა გარკვეული შიში,  რომ ეს დააზიანებდა ევროკავშირს და რომ აღარ უნდა შემოგვეშვა ევროკავშირში ისეთი ქვეყანა, რომელიც არ იქნებოდა  ამისთვის 100 პროცენტით მზად, არ ვგულისხმობ მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ მეტისმეტად ბევრს ვსაუბრობდით, ჩემი აზრით, ეკონომიკურ მზაობაზე გაფართოების პროცესთან დაკავშირებით და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით ღირებულებებსა და კანონის უზენაესობას.“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“: „პრემიერ-მინისტრო, როდესაც ხორვატია შევიდა ევროკავშირში 2013 წელს 22-ე წევრად, ის იყო მეორე ქვეყანა, რომელიც მარტო მიიღეს –  საბერძნეთის შემდეგ, რომელიც 1981 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში. ასე რომ, თქვენი ქვეყნის შემთხვევა სპეციფიკური იყო. და ამის მერე გაჩნდა ე.წ. გადაღლის ფაქტორი გაფართოების პროცესში, რომელიც ძირითადად ახალი კანდიდატების მდორე ინტეგრაციის  დამსახურება იყო,  სწორედ ამის გამო ხორვატიის მიმართ მეტი მოთხოვნაც იყო, როდესაც ევროკავშირში მიგიღეს. როგორ აისახა ქვეყანაზე ასეთი სკრუპულოზური შემოწმება ახლა, როდესაც უკვე შეუერთდით შენგენისა და ევროზონის სივრცესაც?“

ანდრეი პლენკოვიჩი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: „დიახ, ხორვატია, როგორც სწორად აღნიშნეთ, 2013 წლის პირველ ივლისს შეუერთდა ევროკავშირს, დიდი გაფართოებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ. რა იყო ჩვენთვის სასიკეთო? ჩვენ მაშინ შევედით, როდესაც მზად ვიყავით.  ჩვენ, განსაკუთრებით ჩემი პირველი მთავრობის ვადის დროს, გადავწყვიტეთ, უფრო გაგვეღრმავებინა ინტეგრაცია, რაც მოვახერხეთ კიდეც, შევუერთდით ევროზონას, შენგენს, ევროპის სტაბილურობის მექანიზმს და სარგებელიც სახეზეა. 9 წლის წინ, როდესაც შევედით, ჩვენ ევროკავშირის განვითარების საშუალო დონის 62%-ს ვაკმაყოფილებდით. ახლა ვართ 78-ზე, მესამე მთავრობის ვადა რომ დასრულდება, უკვე 82-ზე ვიქნებით. ეს ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, უკეთეს ინფრასტრუქტურას, მეტ ღირებულებას, კანონის უზენაესობასა და ყველაფერს, რაც ამას ახლავს თან და რაც ძალიან ძვირფასია ხორვატიის მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ზოგადად მთელი ქვეყანა სხვანაირია ახლა. მე ვიტყოდი, ბევრად უკეთესია.“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“: „მონტენეგრო, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე წინ არის წასული მიღების პროცესში. როგორ აისახა თქვენზე ის ცვლილება, როდესაც პირველად გაგიხსნეს კარი? მართალია, ახლა ცოტა განსხვავებულია ვითარება მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის. მაგრამ რა მიმართულებით გაქვთ პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით? დავოსის ფორუმამდე ევროკომისარი გყავდათ სტუმრად მონტენეგროში.“

მილოიკო სპაიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი: „პირველ რიგში, ჩემი აზრით, ევროკავშირში მიღების პროცესი არ არის შეჯიბრება. ჩვენ ყველა ვცდილობთ, შევასრულოთ ძირითადი პირობები, რომლებსაც ევროკავშირი გვიწესებს ჩვენსავე სასიკეთოდ. ამ მოთხოვნებს ევროკავშირისთვის კი არ ვასრულებთ, არამედ ჩვენი უკეთესი განვითარებისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი საბაზრო ეკონომიკა და კანონის უზენაესობა, უფრო სამართლიანი საზოგადოება და მეტი დემოკრატიული ინსტიტუტი. აი, ამ ყველაფრის შექმნას ვცდილობთ. ვცდილობთ, ავაშენოთ სისტემა. ეს განსაკუთრებით რთულია მონტენეგროს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ნაწილია. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა იცოდეს, რომ მონტენეგრო ყველაზე პატარა რესპუბლიკა იყო და თითზე ჩამოსათვლელი ინსტიტუტი გვქონდა პოდგორიცაში. მათი უმეტესობა იყო ბელგრადში, ზოგიც ზაგრებში, რამდენიმე ალბათ იყო ლიუბლიანაში. მაგრამ პოდგორიცაში, ფაქტობრივად, არაფერი არ იყო. წარმოიდგინეთ, 2006 წელს ჩვენი ინსტიტუციების მშენებლობა, ფაქტობრივად, მუნიციპალური დონიდან უნდა დაგვეწყო. ასე რომ, ამ ბოლო 18 წლის განმავლობაში ძალიან, ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. ახლა, მონტენეგროს კანონის მიხედვით, უკვე სრულწლოვანები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ისე მოგვექცევიან, როგორც სრულწლოვანს ეკადრება.“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“:  „ბატონო მინისტრო, უკრაინაც ადგას ევროკავშირის გზას. და თქვენ უკვე მოისმინეთ გარკვეული მოსაზრებები აქ. თქვენს გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წლის 25 ივნისს დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცესი ზოგადად ითვლება, როგორც ნელი და სკრუპულოზური, რეალისტურად რას შეიძლება ველოდოთ, რათა დაჩქარდეს უკრაინის, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროცესი? ამას როცა ვამბობ, მხოლოდ ერთი მხარის დამოკიდებულებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ უკრაინამ დააჩქაროს პროგრესი.“

ანდრეი სიბია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი:  „დიდი მადლობა კითხვისთვის. უკრაინაში ჩვენი ხალხის 90% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას. სხვათა შორის, ეს გახლავთ რუსეთის სასტიკი აგრესიის მეორე მხარე. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე მოსახლეობის 50%-ზე ოდნავ მეტი იყო ევროკავშირში შესვლის მომხრე. ამ აგრესიის პირველივე დღეს ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს გაწევრების თხოვნით. ნახევარ წელიწადში კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი სისწრაფე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო გვჭირდება. და აი, ეს იყო ჩვენი პასუხი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე. რომ დაგვეცვა ჩვენი ღირებულებები, ეს იყო ჩვენი სტრატეგიული არჩევანი. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი ომის შემდეგ დაარსდა. მისი შექმნის მიზეზი მხოლოდ ვაჭრობა კი არ იყო, არამედ ის, რომ დაემარცხებინათ ომი, ომზე გაფიქრებაც რომ აღარ გაებედა ვინმეს, დაემარცხებინათ მაშინდელი პუტინი, ფაშიზმი და ნაციზმი. და, სამწუხაროდ, ეს განსაცდელი ისევ დაბრუნდა ევროპაში. და ახლა ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთის აგრესია. უნდა დავამყაროთ გრძელვადიანი, სტაბილური, სამართლიანი და სრულფასოვანი მშვიდობა, რადგან ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია ერთმანეთისგან. და ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენთვის უპირატესობის მონიჭება, რადგან ჩვენც შევიტანთ წვლილს ევროკავშირის გაძლიერებაში. ჩვენც შევიტანთ წვლილს ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში ჩვენი, მაგალითად, თავდაცვის მრეწველობით, ტექნოლოგიებით, უსაფრთხოების საკითხებში მიღებული გამოცდილებით და, შესაძლოა, ეს იყოს ევროკავშირის საუკეთესო ინვესტიცია. რაც შეეხება ხარჯს, ჩვენ გავაკეთეთ გათვლა და ეს დაახლოებით ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.17 პროცენტი დაჯდება, თუ საუბარია ცხრა ქვეყნის მიღებაზე.“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“: „ჩვენ  მოვისმინეთ ორი კანდიდატი ქვეყნისგან, თუ რა დაბრკოლებების გადალხვა უწევთ ევროკავშირის შიგნით, რომლის ზოგიერთ წევრს მაინცდამაინც არ სურს გაფართოება. მაგრამ რამდენად იზიარებენ ეს მოქმედი წვერები იმავე ღირებულებებს, რომლებსაც ითხოვენ კანდიდატი ქვეყნებისგან?“

ანდრეი პლენკოვიჩი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი„უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გაფართოება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. მაგრამ მე ვისურვებდი, გამეგო, რამდენად რეალისტურად უდგება საკითხს ყველა, რადგან რეალობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებაა გაფართოების პროცესში. ყველას დაავიწყდა კოპენჰაგენის 1993 წელს დამტკიცებული გაწევრების მეოთხე კრიტერიუმი – ე.წ. ევროკავშირის შთანთქმის უნარი, რაც ჩვეულებრივ ენაზე ნიშნავს, თუ რა უჯდება ბიუჯეტს გაფართოება? როგორი იქნება ახალი წვერების გავლენა კონტრიბუტორ და ბენეფიციარ ქვეყნებს შორის ურთიერთმიმართებაზე?  ან  რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე? და ნებისმიერ პოლიტიკაზე, ზოგადად?“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“: „დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კრიტიკა მოგისმენიათ უკრაინის გაწევრების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც გაცილებით დიდხანს იცდიდნენ და გვიან შეიტანეს განაცხადი და ა.შ. რას ფიქრობთ ამაზე? იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.“

მილოიკო სპაიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი:  „ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს. ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო სწრაფად წასულიყო პროცესი. სულაც არ ვართ წინააღმდეგი. ჩვენთვის ეს სავსებით მისაღებია. უბრალოდ ჩვენც ნუ დაგვივიწყებენ ამასობაში. თუმცა უკრაინის პროგრესი მისასალმებელია და, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ რეგიონის ნაწილია, რომ მსგავსი ბედი გვაქვს და გვინდა, უკრაინის პროგრესი რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ მაინც უნდა შევინარჩუნოთ მერიტოკრატიის გარკვეული დონე და მერიტოკრატიული მიდგომა. მე ვფიქრობ, რომ მონტენეგრომ ბევრი გააკეთა და კიდევ მეტს გავაკეთებთ, ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს. გვინდა, ორ წელიწადში, 2026 წლის ბოლომდე,  ყველა მოთხოვნა შევასრულოთ და მზად ვიყოთ თქვენთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირი დაინახავს ამას, აღიარებს ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს შინაგან ძალას და მიგვიღებს. და რომ ეს მოხდება, დიდი იმედი გვაქვს, 2026 წლის ბოლომდე, როცა ყველა მოთხოვნას შევასრულებთ და რომ 2028 წელს ჩვენ გავხდებით 28-ე წევრი.“

საშა ვაკულინა, „ევრონიუსი“:  „შეჯიბრება შეჯიბრებაა.“

მარტა კოსიევროკომისარი გაფართოების საკითხებში: „მე ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი პროცესია, რადგან ის ღირებულებით პრინციპებს ეფუძნება. რაც ნიშნავს, რომ მთავარი დრო სულაც არ არის. ზოგჯერ ვისმენ ასეთ ფრაზას: „მაგრამ ბალკანეთის ქვეყნები ძალიან დიდი ხანია იცდიან.“ საქმე არ ეხება, რამდენად ხანგრძლივია მოლოდინი. საქმე ეხება იმას, თუ რამდენად ბევრის გაკეთება შეუძლიათ და როგორია მათი პოლიტიკური ნება. ეს კი შეიცვალა. ასე რომ, ეს ქვეყნები აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ. იცით, მოლაპარაკებები ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ან თანხმდები მას, ან გადიხარ. ბოდიშს ვითხოვ ასეთი პირდაპირობისთვის. თქვენ არ გაქვთ არავითარი შესაძლებლობა, რომ ივაჭროთ მნიშვნელოვან საბაზისო ღირებულებაზე ევროკავშირში.“

ავტორი: საშა ვაკულინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend