პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკი კოლექტიურ დავას იწყებს. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულების მოულოდნელად შეწყვეტის მიზეზი მათ მიერ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი პეტიციის ხელმოწერა გახდა.
„ადმინისტრაციის თანამშრომელი დაგვიკავშირდა 25 დეკემბერს და შეგვატყობინა, რომ პირველი იანვრიდან აღარ ვიქნებოდით სააგენტოს თანამშრომლები”, – ჰყვება ევრონიუს ჯორჯიასთან სოციალური მუშაკი მარიამ ბურჯანაძე.
მარიამ ბურჯანაძე და ანა ენდელაძე პრობაციის ეროვნული სააგენტოდან დეკემბერში გაათავისუფლეს. მათთვის სრულიად მოულოდნელი ამ გადაწყვეტილების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ შეძლეს.
„სხვა სამმართველოში ჰქონდათ გამოცხადებული ვაკანსია, ასევე ვიცოდით, რომ ჩვენთანაც აპირებდნენ გარკვეული რაოდენობის სოციალური მუშაკის დამატებას. ჩვენ როდესაც მოვედით გასაუბრებაზე, გამოთქვეს მზაობა, რომ ჩვენ სხვებზე არსებული დატვირთვა უნდა შეგვემსუბუქებინა და ჩვენზე უნდა გადანაწილებულიყო მათი საქმეები, 100-დან 150 საქმემდე იყო გადანაწილებული თითოეულ სოციალურ მუშაკზე“, – ამბობს მარიამ ბურჯანაძე.
კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ანა ენდელაძის შემთხვევაში, რომელიც სოციალური მუშაკის ვაკანსიის დასაკავებლად დედაქალაქიდან მშობლიურ რეგიონში დაბრუნდა. გათავისუფლების მომენტისთვის ის ერთადერთი იყო ქუთაისის რეფერირების ცენტრში, რომელიც იმერეთს, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმს ემსახურება.
„სოციალური მუშაკის კადრის დეფიციტი არის მთლიანად საქართველოში და რეგიონებში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება იმაზე, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი თანამშრომლობა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თბილისიდან რეგიონში წასვლა. ისიც აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, სადაც მე გადავედი სამუშაოდ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ სოციალური მუშაკი. თვეების განმავლობაში ეძებდნენ კადრს. ცენტრი ვერ იფუნქციონირებს, ვერ მივლენ იქ ბენეფიციარები, ვეღარ მიიღებენ შესაბამის სერვისებს, არავინ დარჩა ახლა, თავისუფალია ეს ადგილი და არავინ ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციას”, – ამბობს ანა ენდელაძე.
სოციალური მუშაკების თქმით, გაუგებარია, როგორ შეძლებს სააგენტო საკადრო დეფიციტის პირობებში, საქმეების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილებას. ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ, რა შეიძლება გამხდარიყო მათი გათავისუფლების მიზეზი.
„ერთადერთი გონივრული და ლოგიკური რაც შეიძლება იყოს, ეს არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ჩვენ მიერ გამოხატული პოზიციები როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში, რომლებიც გულისხმობდა მათ შორის პეტიციაზე ხელმოწერას, რომლის შინაარსი გმობდა მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერდა ევროინტეგრაციის პროცესებს”, – ამბობს მარიამ ბურჯანაძე.
„აუცილებლად მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ დაცული იყოს როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი ბენეფიციარების უფლებები, რომლებიც ძალიან დაზიანდნენ ამ პროცესებში”, – აცხადებს ანა ენდელაძე.
პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა ოთხივე სოციალურმა მუშაკმა ინდივიდუალური სარჩელებით სასამართლოს უკვე მიმართა, პარალელურად, დაწყებულია კოლექტიურ დავაც, რომელშიც მათ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ეხმარება.
„უკვე დანიშნული გვყავს მედიატორი, რომელთან შეხვედრებიც აქტიურ პროცესშია. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, გათავისუფლებულთა აღდგენა, ასევე ის, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი იყოს დარეგულირებული. ანაზღაურება უნდა იყოს იმ პასუხისმგებლობისა და დატვირთვის საპირწონე, რომელსაც სოციალური მუშაკები ყოველდღიურად ასრულებენ. ასევე უნდა განისაზღვროს საქმეთა ზღვრული რაოდენობა – პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ მუშაკებს უწევთ უზარმაზარი დატვირთვით მუშაობა და ყოველდღიურად უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება”, – ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე სოფო ხვთისიაშვილი.
პროფესიული კავშირების ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებიდან 2024 წლის ბოლოს 300-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების მიზეზი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციების ხელმოწერასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.
„იუსტიციის სამინისტრო, თბილისის მერია, ასევე ცესკო ის პირველი უწყებები იყო, საიდანაც მასობრივად მოხდა თანამშრომლების გათავისუფლება. ამასთან, გათავისუფლება შეეხო არამარტო სოციალური მუშაკებს, არამედ ფსიქოლოგებს, მედიატორებსა და ა.შ. მათ უმეტესობას სხვადასხვა პეტიციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან.
ეს გათავისუფლება ალოგიკურია, როდესაც საქართველოში კრიტიკული დეფიციტია მით უფრო განათლებული, დიპლომიანი, კვალიფიციური სოციალური მუშაკების, ხოლო კანონი გვავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 50 კადრით უნდა გაიზარდოს ყველა სამსახურში სოციალური მუშაკების რაოდენობა”, – ამბობს სოფო ხვთისიაშვილი.
სამსახურიდან გათავისუფლებული ოთხი სოციალური მუშაკის თაობაზე, ჩვენ პრობაციის ეროვნულ სააგენტოსაც მივმართეთ. უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.