მთავარიგადაცემებიEurope Decodedრამდენად შეძლებს შესაბამისი დაფინანსებას მიღებას ევროპის შეიარაღების გაძლიერების კამპანია?

რამდენად შეძლებს შესაბამისი დაფინანსებას მიღებას ევროპის შეიარაღების გაძლიერების კამპანია?

ევროკავშირს სურს, განამტკიცოს საკუთარი თავდაცვა, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიისა და, მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნატოსთვის მეტი ევროპული დაფინანსების მოთხოვნის საპასუხოდ. ევრობლოკში უკვე შეიმუშავეს ბლოკის ისტორიაში პირველი თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგია, რომელიც სავარაუდოდ ასობით მილიარდი ევრო დაჯდება.

ევროკომისიამ 2024 წლის მარტში წარადგინა ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული პროგრამა, რომელიც 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან თავდაცვაზე მილიარდ-ნახევარი ევროს მიწოდებას ითვალისწინებს. ამ თანხამ სტიმული უნდა მისცეს თავდაცვას, ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიას, თუმცა ის საკმაოდ მწირად გამოიყურება იმ 500 მილიარდი ევროს ინვესტიციასთან შედარებით, რომელიც, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, საჭიროა, ჩაიდოს ამ სექტორში მომავალი ათი წლის განმავლობაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა უკრაინას და ლოგისტიკური მხარდაჭერაც აღმოუჩინა. თუმცა ამ კონფლიქტმა გამოააშკარავა, რომ არსებობს სირთულეები მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოების  კუთხით.  ჩვენ აზრი ვკითხეთ ევროპელებს, თუ რას ფიქრობენ იმ ხარჯზე, რომელიც სამხედრო მომზადებას უნდა მოხმარდეს.

„მე კი მგონია, რომ უკრაინასაც აღარ უნდა მივცეთ ფული. ჩემი აზრით, უკეთესია ჩვენი საკუთარი ქვეყნები დავიცვათ მომავალში. მგონი, ასე აჯობებს,“ – თქვა ერთმა გამვლელმა. „ამაზე ფულის დახარჯვას არ ვისურვებდი, მაგრამ ახალ ისეთ მდგომარეობაში ვართ ევროპაში, რომ საჭიროა საკუთარი თავიც დავიცვათ და უკრაინაც. თუ უკრაინას არ დავიცავთ, ვერც ევროპას დავიცავთ“, – ამბობს მეორე.

ევროკავშირი აწარმოებს იარაღს, თუმცა ძალიან არის დამოკიდებული იმპორტზეც.  ამიტომ ევროკავშირი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა თავდაცვის ინდუსტრიის რეგულაციებთან, სტანდარტებთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით. და თითოეული მათგანი ემსახურება იმ მიზანს, რათა შეიქმნას  მასშტაბური ეკონომიკა მთელი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ფარგლებში. ისე, რომ ქვეყნებმა ცალ-ცალკე კი არ შეისყიდონ საკუთარი არმიისა და ფლოტისთვის საჭირო აღჭურვილობა, არამედ გაერთიანდნენ და ერთიანი პრინციპებით გამოვიდნენ, რათა იმ მასშტაბის ეკონომიკა შექმნან, რომელიც წარმატებისთვის არის საჭირო. ასეთი სტიმულისთვის საჭირო ბიუჯეტი კი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს.

„როგორც ჩვენი ისტორია აჩვენებს ძირითადად ეროვნული ბიუჯეტი აფინანსებდა საკუთარ ეროვნულ არმიას. ახლა აქ უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ, შესაძლოა უფრო ეფექტური გამოდგეს, თუკი როგორმე გავერთიანდებით ევროკავშირის მასშტაბით“, – განმარტავს ჯეკ შიკლერი, „ევრონიუსის“ კორესპონდენტი, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგიის საკითხს აშუქებს.

„შეგიძლია, ერთად ისესხო ფული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ევრობონდების საშუალებით, ისე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, პანდემიის  დროს. ან, მართლაც, შეგიძლია აიღო სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის საშუალებით, რომლის უკანაც ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები დგანან. ეს ყველაფერი პრობლემებს იწვევს. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ არცთუ ისე ბევრი ფულია ხელმისაწვდომი. ყველა მთავრობას საკმაოდ შემოჭერილი აქვს ქამარი ამ წუთას. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ ფულის თავდაცვაზე ხარჯვას გარკვეული შეზღუდვები აბრკოლებს. წევრი ქვეყნების გარკვეულ ნაწილს ნეიტრალიტეტის აღთქმა აქვს დადებული და მათთვის იურიდიული შეზღუდვებია დაწესებული, მაგალითად, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე. ევროკავშირის წევრების უმეტესობა ნატოშიც შედის, რომელიც დასავლეთის თავდაცვის ძირითადი სტრუქტურაა. საინტერესოა, რამდენად შეუშლის ეს  ხელს თავდაცვის სექტორში ინვესტიციების ჩადებას?

„თუ გადახედავ თავდაცვის ინდუსტრიულ პოლიტიკას, არსებობს იმის საფრთხე, რომ ნატოს სხვა წევრები, მაგალითად, ამერიკა და გაერთიანებული სამეფო, თამაშგარე დაგრჩნენ. მათ მაინცდამაინც არ მოეწონებათ, თუ ევროკავშირი მიიღებს ისეთ რეგულაციებს, რომელთა მიხედვით,  სამხედრო ხარჯზე გათვლილი მთელი ფული ევროპულ კომპანიებზე უნდა დაიხარჯოს. ეს ფული ვერ მოხმარდება ბრიტანულ საჰაერო სივრცეს ან ამერიკის თავდაცვის სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს. ასე რომ, არსებობს ნატოს ალიანსში განხეთქილების შეტანის საფრთხე“, – ამბობს ჯეკ შიკლერი.

კიდევ უფრო მეტი ფული იქნება საჭირო, თუკი ნატოს ფარგლებში შესატანი სავალდებულო ფინანსური წილი ამჟამად მოქმედი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იდან 3.5%-ზე ავა, როგორც ამას ითხოვს ალიანსის ახალი გენერალური მდივანი. ამის შედეგად ევროკავშირს შესაძლოა წელიწადში მთლიანობაში 200 მილიარდი ევროს გაღება მოუწიოს.

ამჟამად მხოლოდ პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და საბერძნეთი ხარჯავენ 3%-ზე მეტს. გერმანია და საფრანგეთი, ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მხოლოდ 2 პროცენტზე ავიდნენ. თუმცა დიდი ეკონომიკის მქონე  სხვა ქვეყნები, მაგალითად, იტალია და ესპანეთი – ჯერ ხარჯვის ამ მაჩვენებელზეც არ არიან.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გეოპოლიტიკური სურათი იცვლება. ის აღარ არის უნიპოლარული, რომლის დროსაც შეგვეძლო, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმედად ვყოფილიყავით, რომ ის უზრუნველყოფდა ყველაფერს უსაფრთხოების კუთხით“, – განმარტავს  ტობიას კრამერი,  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი.

„ახლა სამყარო ხდება მულტიპოლარული, რომლის პირობებში ჩვენც უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ამერიკასთან თანამშრომლობის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ნატოს ევროპული საყრდენი. ბევრმა ქვეყანამ უკვე მიაღწია 2-პროცენტიან მაჩვენებელს. მაგრამ რეალურად, ჩვენ უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ. თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მეტის დახარჯვა, არამედ უფრო ეფექტურად დახარჯვაც.

“ ნატოს გენერალურმა მდივანმა ახლახან აღნიშნა, რომ 2 პროცენტის ნაცვლად ჩვენ შესაძლოა სამ-ნახევარ პროცენტზე დაგვჭირდეს ასვლა. თუმცა გერმანია ეწინააღმდეგება ერთიანი ვალის აღების იდეას, რომელიც ფონდების გაფართოებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რათა რეალურად მივცეთ სტიმული თავდაცვის სფეროში ინდუსტრიული სექტორის წახალისებას. „ჩემი აზრით, გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა თავდაცვის ხარჯების მიმართულებით. ჩვენ შეცვლილ ეპოქაში ვცხოვრობთ, როგორც კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა და ჩვენ ნამდვილად ჩავდეთ 100 მილიარდი ევროს სპეციფიკური ინვესტიცია შეიარაღებულ ძალებში.  ჩვენ, ფაქტობრივად, ვამბობთ, რომ გვჭირდება, მაგალითად, გერმანიის ვალის რეფორმა, რათა იმდენი დავხარჯოთ, რამდენიც საჭიროა ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად ჩვენი ქვეყნისა და ევროპისთვის“, – ამბობს ტობიას კრამერი.

მისი აზრით,  მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქვეყანამ დაიცვას მინიმუმ 2%-იანი მაჩვენებელი და ამის მერე უნდა ისაუბრონ, თუ როგორ უნდა მოახერხოს ევროკავშირმა ევროპის დონეზე  სოლიდარული დაფინანსება ჰქონდეს. „ჩემი აზრით, ევრობონდები ამის ერთი  გზაა. მაგრამ მე მგონია, რომ სხვა გზებზეც შეიძლება საუბარი“, – ამბობს ტობიას კრამერი.

„მაგალითად, კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ირგვლივ უამრავი კერძო ფულია,  რომელიც შეიძლება მიიმართოს ამ სფეროს დასაფინანსებლად. ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიაზე, არადა, მიწოდების ჯაჭვზეც საჭიროა საუბარი. ამჟამად უამრავი ბარიერი აბრკოლებს კერძო ინვესტორებს, რომელთაც სურვილიც რომ ჰქონდეთ, ვერ ჩადებენ ამაში ინვესტიციას.“

ევროკავშირი უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამს, რათა თავისი სამხედრო მომზადება გააუმჯობესოს. პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა თავდაცვის მრეწველობის საკითხებშიც დანიშნა ევროკომისარი.

ამ თანამდებობას  ლიტველი ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს. ევროკავშირში ასევე სურთ, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენონ. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს ევროკავშირი გაერთიანებასა და ფინანსების მოზიდვას იმისთვის,  რომ გლობალურ სამხედრო ძალად იქცეს. ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend