15-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ისრაელსა და ღაზას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 3 კვირა გავიდა. 3 კვირის შემდეგ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ომმა რეგიონის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები უსახლკაროდ, ყოველგვარი შემოსავლის წყაროს გარეშე – სრულად სასურსათო დახმარებაზე დამოკიდებული დატოვა.
ჯაბალია და ბეიტ ლაჰია, ღაზის სექტორის ორი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ზონებია. ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩრდილოეთ ღაზის ეს ტერიტორიები სრულად იყო მოწყვეტილი ჰუმანიტარულ დახმარებას. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ კი, ხალხს სახლში დაბრუნების საშუალება მიეცა, მათ შეძლეს ოჯახის წევრების დაკრძალვა და ახლა ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობენ.
ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. უსაფრთხოების, სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და წესრიგის შენარჩუნება აუცილებელია, რათა ჰუმანიტარულმა საზოგადოებამ მუშაობის გაგრძელება შეძლოს.
ადგილობრივი მაღაზიების ხელშეწყობის მიზნით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა წლის ბოლომდე, ფულადი დახმარების 150,000 ოჯახამდე გაფართოებას გეგმავს. ორგანიზაცია აგრძელებს ნანგრევების შეკეთებას და გზების, მათ შორის მომარაგების ძირითადი მარშრუტების აღდგენას, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება უფრო სწრაფად, შეფერხებების გარეშე მიეწოდოს.
„დასუფთავება, ნანგრევების აღდგენა და რეკონსტრუქცია აუცილებლად იქნება საჭირო. აქაურ ხალხთან საუბრისას ვხედავ, რომ არის იმედი, თუმცა ბევრი კვლავ დაბნეულია. ხალხი ძალიან ღელავს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. ოთხი თუ ხუთი დღის განმავლობაში, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა ჩრდილოეთ ღაზა. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ახლა, ჩრდილოეთში დაახლოებით მილიონი მაცხოვრებელია, იგივე რაოდენობაა სამხრეთშიც. ასე, რომ ვზრდით დახმარებას. ჩემი გუნდი აქ შესანიშნავად მუშაობს. ღაზის სექტორის მასშტაბით 20-იოდე საცხობი აღვადგინეთ. მეტის გახსნას ვაპირებთ აქ, ჩრდილოეთში. მომდევნო დღეებში წარმოების გაორმაგებას ვგეგმავთ. ამასთან ერთად, გვაქვს ცხელი კერძების სამზარეულოებიც, ხალხს ქუჩაში ვაწვდით კერძებს – გვაქვს მზა საკვები ბავშვებისთვისაც“, – განმარტავს კარლ სკაუ, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
ღაზის სექტორის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები უზარმაზარია. ამ ეტაპზე, კი რეგიონში არ არის შესაბამისი პირობები ჰუმანიტარული პერსონალის შეუფერხებელი მუშაობისთვის. მიუხედავად სირთულეებისა, მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციას საზღვრებზე განლაგებული აქვს მილიონზე მეტი ადამიანისთვის, 3 თვის სამყოფი საკვები. ეს მოიცავს საკვების ამანათებს, ხორბლის ფქვილს და ცხელი კერძების დასამზადებლად საჭირო საქონელს.
ამასთან ერთად, ორგანიზაცია მზადაა მილიონ 400,000 ადამიანისთვის, ყოველთვიურად რეგიონში დაახლოებით 30,000 ტონა საკვები გაგზავნოს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამისთვის გადაადგილების სწრაფი კოორდინაცია და ხელშეწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს დახმარების და ჰუმანიტარული პერსონალის უსაფრთხო მიმოსვლა ღაზის სექტორის მასშტაბით.