არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება არგენტინის მთავრობის პრესსპიკერმა მანუელ ადორნიმ გუშინ, 5 თებერვალს, გააკეთა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაა თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და მას დამოუკიდებლობა აკლია. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობასა და ორგანიზაციას განსხვავებული შეხედულებები აქვთ ჯანდაცვის სფეროში ვითარების მართვაზე.
მანუელ ადორნი განმარტავს, რომ არგენტინა ორგანიზაციისგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს და, შესაბამისად, მისი დატოვება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ ავნებს.
„პრეზიდენტმა მილეიმ საგარეო საქმეთა მინისტრ ვერტეინს დაავალა, გააუქმოს არგენტინის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება აზრთა სხვადასხვაობას ჯანდაცვის მენეჯმენტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს. ამ სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ და ალბერტო ფერნანდესის მთავრობა აღარ ვიყავით პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი. ჩვენ, არგენტინელები, არ მივცემთ უფლებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მითუმეტეს, ჯანდაცვის სისტემაში“, – ამბობს მანუელ ადორნი, არგენტინის მთავრობის სპიკერი.
პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო გენდერის თემასაც. პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ჰორმონული თერაპია და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სხვა სამედიცინო მომსახურება აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხავიერ მილეიმ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გააკრიტიკა „ვოუქიზმი”, ფემინიზმი და ჰომოსექსუალებს „პედოფილები“ უწოდა. ახალი ბრძანებით, ჰორმონული თერაპია მხოლოდ მშობლის ან მეურვის თანხმობით იქნება შესაძლებელი.
„არგენტინის მთავრობამ გადაწყვიტა, შეცვალოს გენდერული იდენტობის კანონიც, რომელიც გულისხმობს ჰორმონული თერაპიისა და სხეულის ცვლილების ოპერაციების აკრძალვას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. მსგავსი ჩარევა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და აფერხებს მათი სქესობრივი მომწიფების პროცესს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ამ მკურნალობისა და ოპერაციების ეფექტი შეუქცევადია. ამ კანონის მხარდამჭერი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ფინეთი და მათ შორის აშშ-ც, უკვე საუბრობენ ამ ოპერაციების დამღუპველ გრძელვადიან შედეგებზე“, – ამბობს მანუელ ადორნი, არგენტინის მთავრობის სპიკერი.
ხავიერ მილეიმ არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის 10 დეკემბერს დაიკავა.